geo eng
კურსდამთავრებულთა 80% დასაქმებული -მერსმისის წარმატების ისტორიას

2018-11-27

1200-ზე მეტი სტუდენტი ყოველწლიურად, კურსდამთავრებულთა 80% დასაქმებული - ეს საზოგადოებრივი კოლეჯი “მერმისია”, რომელიც "პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018”-ის მფლობელი გახდა წლის საუკეთესო პროფესიული სასწავლებლის ნომინაციაში. კოლეჯის დირექტორი ნონა ღუდუშაური ამბობს, რომ მსგავსი კონკურსების მეშვეობით პროფესიული განათლების ავტორიტეტი კიდევ უფრო იზრდება. "პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო" ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება პროექტის "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.

„ძალიან გახარებული ვარ, ბედნიერი. საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ დასახელდა მერმისი. ეს წარმატება ზოგადად, პროფესიული განათლების ავტორიტეტისთვის და კონკრეტულად ჩვენი კოლეჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“- ამბობს ნონა ღუდუშაური

“მერმისის” ისტორია 6 წელს ითვლის. კოლეჯმა ფუნქციონირება რამდენიმე პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის შედეგად, 2012 წელს დაიწყო. ეს ის პერიოდია, როცა პროფესიული განათლება არც ისე პოპულარულია და როგორც ნონა ღუდუშაური იხსენებს ინფრასტრუქტურაც არც ისე გამართული. თუმცა, მოტივირებული თანამშრომლების ძალისხმევის შედეგად, პროფესიული განათლების ხარისხი გაიზრდა და შედეგიც შესაბამისია. თუ 2012 წელს ადგილების შევსება ჭირდა, დღეს „მერმისში“ ყველა სპეციალობაზე მაღალი კონკურსია.

„ზოგიერთ სპეციალობაზე, მაგალითად, კულინარიის ხელოვნებაზე, ერთ ადგილზე 14 ადამიანი მოდის, ყველაზე დაბალი კონკურსი ერთ ადგილზე 3 ადამიანია. ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება და ამის შედეგია ის, რომ მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს სახელმწიფოს მხრიდანაც, ყოველწლიურად ვითარდება პროგრამები, პედაგოგები მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას, ვანახლებთ ინფასტრუქტურას, აქედან გამომდინარე, კოლეჯზე მოთხოვნაც დიდია,“- ამბობს ნონა ღუდუშაური.

ამჟამად “მერმისი” 37 პროფესიულ სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს 5 მიმართულებით. საგაზაფხულო მიღებაზე 200 ადგილზე 1700-ზე მეტი ადამიანი იყო დარეგისტრირებული, საშემოდგომო მიღებაზე კი 2000-ზე მეტი.

„6 წლის წინ ძირითადად საბაზო განათლების მქონე პირები მოდიოდნენ. დღეს ჩვენი კოლეჯის სტუდენტები არიან როგორც საბაზო განათლებით, ასევე საშუალო და უმაღლესი განათლებით. მათ სურთ ახალი პროფესია შეიძინონ და მოკლე დროში დასაქმდნენ,“- ამბობს ნონა ღუდუშაური.

იმის დასამტკიცებლად, რომ პროფესიული განათლება ყველაზე მოკლე გზაა დასაქმებისკენ, ნონა ღუდუშაურს მარტივი სტატისტიკა მოჰყავს, “მერმისის” კურსდამთავრებულთა 80 % დასაქმებულია და მათგან დიდი ნაწილი პრაქტიკის პერიოდში დაასაქმეს. სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას კოლეჯის პარტნიორ ბიზნესკომპანიებში გადიან. დღეს “მერმისი” 350 ბიზნესკომპანიასთან პარნტიორობს.