geo eng
როგორია გზა იდეალურ მასწავლებლობამდე - დირექტორი ფარცხანაყანევის მე-2 საჯარო სკოლიდან

2018-12-04

,,ჩემთვის მასწავლებლობა არის საშუალება, მოსწავლეებში გავაღვივო რწმენა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ,” - ასე განმარტავს საკუთარ პროფესიულ პასუხისმგებლობას   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლის დირექტორი - ვარდენ ნიქაბაძე.

თავად პროფესიით ფიზიკოსია, სერტიფიცირებისა და სქემის ფარგლებში კი - ჩაბარებული აქვს მათემატიკის, სამოქალაქო განათლების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ფიზიკის გამოცდები. როგორც თავად ამბობს, მუდმივად არის ორიენტირებული ინოვაციებსა და განათლების გაღრმავებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიაჩნია,  „საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიის განვითარების პროგრამაში” ჩართვაც გადაწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მასწავლებელთა უმეტესობას ჩაბარებული აქვს საგნებისა და პროფესიული უნარების გამოცდები, ვარდენ ნიქაბაძის თქმით, ეს ცოდნა მაინც ფრაგმენტულია. შესაბამისად, ისეთი სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, რომლებიც აღრმავებს და კომპლექსურს ხდის ცოდნას, აუცილებელია, რის შესაძლებლობასაც, ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო” აძლევს პედაგოგებს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, სკოლის 9 მასწავლებელმა გაიარა ტრენინგი.

11 წელია, რაც დირექტორია. სკოლაში 180 მოსწავლე სწავლობს, მათი დიდი ნაწილი კი - აფხაზეთიდან დევნილია. ამავე რეგიონიდან არის მასწავლებლების უმეტესობა. როგორც ამბობს, საკმაოდ ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა ინოვაციების მიმღებლობასთან მიმართებით, თუმცა, ამ მხრივ, სიტუაცია ყოველდღიურად უმჯობესდება.

,,ლიდერთა აკადემიის” გავლისას, უამრავი თანამოაზრე შეიძინა და მათთან ერთად სკოლაში სიახლეც დაინერგა - გაკვეთილების შეფასების ცენტრალიზებული ონლაინსისტემა, რომელიც პრობლემების დროულად დანახვისა და მათზე რეაგირების საშუალებას იძლევა. 

ამ ეტაპზე, სკოლა  ,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს”  კიდევ ერთ საინტერესო პროექტშია ჩართულია -  ,,სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის”, რომლის მიზანია ქართული სკოლებისათვის სკოლის თვითშეფასებისა და განვითარების სისტემის მოდელების შემუშავება -  საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.  პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვა 14 სკოლასთან ერთად, ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლაც იღებს ცოდნას,  ქართული და უცხოური გამოცდილების საფუძველზე. 

,,იდეალურია მასწავლებელი, რომელსაც სიახლეების არ ეშინია,  მუდმივად სწავლობს და ვითარდება საკუთარ მოსწავლეებთან ერთად,” - აღნიშნავს ვარდენ ნიქაბაძე. ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” პროექტებიც სწორედ ინოვაციებისა და პროგრესის საგანმანათლებლო სისტემაში შემოტანას უჭერს მხარს. ამ ლოგიკით კი, იდეალურ მასწავლებლებს მუდმივად აქვთ სიახლეებზე წვდობის საშუალება, რასაც ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლის დირექტორი აქტიურად ახერხებს.

###
„ლიდერობის აკადემია“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი პროექტია. ის ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლის მიზანიც მასწავლებლების, დირექტორებისა და სკოლების ბაზაზე შერჩეული ფასილიტატორების პროფესიული განვითარებაა. „ლიდერობის აკადემია“ სულ სამი საფეხურისგან შედგება და ის 2019 წლამდე გაგრძელდება. პროფესიული განვითარების პროგრამის წარმატებით დასრულება სკოლის დირექტორებს დაეხმარება გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა შემდეგი მიმართულებებით:
✔ დროის, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა;
✔ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა;
✔ სასწავლო თემების განვითარება;
✔ სკოლაში ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდების დანერგვა;
✔ გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა.
 
 ###
„საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიის განვითარება“ - ამ სახელწოდების პროექტით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად:
 
1. ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის შემუშავება-დანერგვას;
2. შეიმუშავებს საჯარო სკოლების 7-12 კლასების საბუნებისმეტყველო (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა), მათემატიკის, გეოგრაფიის, ინგლისურის მასწავლებლებისთვის ინტენსიურ ტრენინგ-მოდულებს;
3. გადაამზადებს საჯარო სკოლების 7-12 კლასების საბუნებისმეტყველო (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა), მათემატიკის, გეოგრაფიის, ინგლისურის მასწავლებლებს;
4. გადაამზადებს საჯარო სკოლების ყველა დირექტორს სკოლის მართვის მნიშნველოვან საკითხებში;
5. ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას;
6. შეარჩევს და გადაამზადებს საჯარო სკოლების ფასილიტატორებს, რომლებიც იზრუნებენ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე.