geo eng
34-წლიანი პედაგოგიური სტაჟით სკოლაში, რომელიც თავად დაამთავრა - თამარ ნარიმანიშვილის წარმატების ისტორია

2019-01-11

სკოლაში, რომელიც თავად დაამთავრა, უკვე 34 წელია ასწავლის. ახალციხის #1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი - თამარ ნარიმანიშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურადაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. მასწავლებლობა საკუთარ ცხოვრებაში მთავარ საქმიანობად მიაჩნია, კარგ პედაგოგს კი, მისი აზრით, უნდა ესმოდეს თითოეული მოსწავლის ინტერესები და ზრუნავდეს მის მოტივაციაზე.  34-წლიანი მასწავლებლობის პერიოდში, სასწავლო მიდგომები განიცდიდა ცვლილებებს, ახლა სასწავლო პროცესი მთლიანად მოსწავლეზეა ორიენტირებული, რაც, თამარ ნარიმანიშვილის თქმით, მათში კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების  გადაჭრის უნარების განვითარებას უწყობს ხელს. 
სკოლა, რომელიც თითქმის 200-წლიან ისტორიას ითვლის, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს“ მხარდაჭერით, რეაბილიტირდა.  საჯარო სკოლებში მასწავლებლებისა და დირექტორების  პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში კი, სკოლის ოცამდე პედაგოგმა გაიარა გადამზადება. თამარ ნარიმანიშვილის თქმით,  გაკვეთილები უფრო სახალისო და საინტერესო გახდა, მასწავლებელი უფრო ფასილიტატორის როლშია, გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობის დონე საგაკვეთილო პროცესში.

თამარ ნარიმანიშვილი  მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე. ამასთან ერთად,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტიცაა და საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მჭიდრო კავშირში შეაქვს საკუთარი წვლილი.ჩართულია ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” რამდენიმე პროექტში, მათ შორის,  საჯარო სკოლებში მასწავლებლებისა და დირექტორების  პროფესიული განვითარების - გაიარა VII-XII კლასის ბიოლოგიის მასწავლებლების ტრენინგი, ლიდერობის აკადემია.  ინოვაციების დანერგვას მუდმივად ცდილობს სასწავლო პროცესში. მისთვის მოსწავლეებში კვლევითი უნარების განვითარება, ინტერესისა და მოტივაციის გაზრდა საბუნებისმეტყველო საგნებში მთავარი პრიორიტეტია. ამ ყველაფერში კი, მისი თქმით, დიდ დახმარებას უწევს ფონდის მიერ საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის აღჭურვა. 
როგორც ამბობს, STEM-ის საგნებზე აქცენტირება სწორია, რადგანაც სტატისტიკურად, მათზე ყველაზე დაბალი ინტერესია მოსწავლეების მხრიდან. მიაჩნია, რომ საჭიროა მუდმივი სიახლეების, სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის, მასწავლებელთა პროფესიული ზრდის  ხელშეწყობა, რისკენაც არის მიმართული ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” საქმიანობა.

,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” ტრენინგების შემდეგ, სასწავლო პროცესში არაფორმალურ აქტივობებს ხშირად იყენებს. მაგალითად, ,,საკლასო ოთახში ღია ცის ქვეშ” ხშირად ატარებს სკოლის ეზოში, სადაც უფრო ადვილად ახერხებენ მოსწავლეები ინდივიდუალური თავისებურებების, ინტერესების, შემოქმედებითი უნარების გამოვლენას. თავისუფალი გაკვეთილების  - „აღმოაჩინე საქართველოს“ ფარგლებში გაკვეთილების ჩატარებით მოსწავლეებში ვითარდება კომუნიკაციის, მეტყველების, ზოგადი წიგნიერების უნარები. მისი ინიციატივით, სკოლა ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში  გარემოსდაცვითი, პროფესიული განვითარების მიმართულებით.