geo eng
გადამზადებულმა მასწავლებლებმა ახალი მიდგომები დანერგეს, რომლებსაც ბავშვები უკვე სხვა საგნებშიც ითხოვენ - კასუმლოს სკოლის წარმატება

2019-02-04

მამედ მირზაევი სპეციალობით მესაზღვრე და ისტორიის პედაგოგია. დირექტორობაზე არ უფიქრია, თუმცა სკოლას, რომელიც თავად დაამთავრა, რთული პერიოდი დაუდგა და შემოთავაზებას დათანხმდა.

დამწვარი სკოლის შენობა, მასწავლებელები დაბალი მოტივაციით, ენობრივი ბარიერი - ეს ის პრობლემებია, რომლის წინაშეც მარნეულის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლა იდგა.

პრობლემების გადაჭრა ნელ-ნელა დაიწყო, მოადგილედ ქართული ენის მცოდნე გადამზადებული პედაგოგი დანიშნა, სკოლა ახალგაზრდა კადრებით შეავსო, მოსწავლეები კი სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩართო.

თავად მამედ მირზაევი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ „ლიდერობის აკადემიაში“ მონაწილეობდა, რომელიც წარმატებით გაიარა და ტრენერი გახდა. ის ამბობს, რომ ფონდის პროექტის ფარგლებში, სტემის მიმართულებითაც გადამზადდნენ მასწავლებლები, ამან კი დადებითი გავლენა მოახდინა სკოლის ცხოვრებაზე.

მამედ მირზაევი აღნიშნავს, რომ მის გარდა სკოლას „ლიდერობის აკადემიის“ ფარგლებში მომზადებული კიდევ ერთი ტრენერი ჰყავს. ეს მისი მეუღლე სამირა ისმაილოვაა, რომელიც ინგლისურის პედაგოგია. ოჯახი ყოველდღიურად აქტიურადაა ჩართული სკოლის ცხოვრებაში და მთელს ენერგიას სკოლის განვითარებას ახმარს