geo eng
ნათია ბაღდავაძის წარმატების ისტორია

2019-03-08

ნათია ბაღდავაძე ელექტრიკოსია. პროფესიული განათლების არჩევა მისთვის დიდი გამოწვევა იყო.

„როდესაც არასდროს გსმენია ელექტრიკოსი ქალის შესახებ და გიწევს იყო ერთ-ერთი პირველი, ეს უკვე თავისთავად უდიდესი გამოწვევაა!“ - ამბობს ნათია ბაღდავაძე.

სანამ ელექტრიკოსი გახდებოდა, იქამდე უმაღლეს სასწავლებელშიც სწავლობდა. ახალი პროფესია ნათიასთვის ახალი შესაძლებლობების წყარო აღმოჩნდა:„სანამ პროფესიულ განათლებას ავირჩევდი, იქამდე უმაღლესი განათლება მქონდა მიღებული. პირველად 34 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ თავი სრულიად ახალ, განსხვავებულ პროფესიაში მეცადა და დავუფლებოდი ელექტროობას, რატომაც არა.“

სწავლის პროცესში აღმოაჩინა, რომ უმცირესობაში იყო, თუმცა ამ ფაქტს დიდად არ დაუბრკოლებია: "მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მხოლოდ მე ვიყავი, თავს სრულიად კომფორტულად ვგრძნობდი, რაშიც დიდი წვლილი ჩემს ლექტორს - გიორგი აფხაზავას მიუძღვის.

"ვფიქრობ, ახალი პროფესია ახალ შესაძლებლობებს იძლევა. პროფესიული განათლება ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, რომელზეც უარს ვერ ვიტყოდი.“ - ამბობს ნათია ბაღდავაძე

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით, "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში შეიქმნა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი 51 ახალი საგანმანათლებლო პროგრამა: 38 ავტორიზებული და 13 სასერტიფიკატო.