geo eng
საქართველოს მთავრობასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2014-07-16

2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა გრძელვადიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის შედეგად „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი.

პროექტს აფინანსებს აშშ-ის მთავრობა საქართველოსთვის 2013 წელს გამოყოფილი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის ფარგლებში, რის შედეგადაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს შესთავაზებს ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროექტის სრული ბიუჯეტია 30 მლნ აშშ დოლარი, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე 140 მლნ აშშ დოლარის კომპაქტიდან გამოიყოფა.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოს პრემირ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი დენა ჰაიდი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვის გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ქართველი ახალგაზრდები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ და საერთაშორისო სტანდარტების დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„საქართველომ უნდა მიაღწიოს, რომ მისი მოქალაქეები აღჭურვილი იყვნენ თანამედროვე ცოდნითა და განათლებით, იყვნენ პროფესიონალები, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები და დააკამყოფილონ განვითარებული ეკონომიკის მოთხოვნები. ეს პროექტი ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობებს გვაძლევს. ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია, რომ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა და პარტნიორებმა, რომლებიც ასე გულშემატკივრობენ ჩვენს ქვეყანას, საქართველოში დაინახეს ის პოტენციალი და რესურსი, რომელიც საქართველოს შეაძლებინებს, ჩადგეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების რიგში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ხელმოწერის ცერემონიაზე დასწრებისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა ჰაიდიმ მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს პროექტის დაწყება და დასძინა, რომ ეს ფაქტი ადასტურებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. „ეს იქნება პარტნიორობა, რომლისგანაც სარგებლობას მიიღებენ სტუდენტები როგორც საქართველოდან, ასევე ამერიკიდან. ეს აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის აღმნიშვნელი განსაკუთრებული დღეა და აგრეთვე, განსაკუთრებული დღეა საქართველოს სტუდენტებისთვის, რომელთა ნაწილთანაც დღეს შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა“, - აღნიშნა დენა ჰაიდიმ.

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კოპორაციის მეორე კომპაქტი, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს, თავად კორპორაციისთვისაც უნიკალურია, რადგან, კორპორაციის მიერ დაფინანსებული პროექტების უმრავლესობა ინფრასტრუქტურის განვითარებას და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის სხვა ღონისძიებებისთვისაა მიმართული.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერ არ მომხდარა ერთი დონორი ორგანიზაციის მიერ 140 მილიონი აშშ დოლარის ერთიანად გამოყოფა, რომელიც მხოლოდ განათლების პროექტებისთვის იქნებოდა გათვალისწინებული. მოხარული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკის ზრდაში. სწორედ განათლებაში განხორციელებული ინვესტიციითაა შესაძლებელი აღნიშნულის მიღწევა და მჯერა, პროგრამის შედეგად საქართველოში პროფესიონალი კადრები მომზადდება“, - აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტმა ნენსი მარლინმა. საწყის ეტაპზე, პროექტის ფარგლებში საქართველოს სამ პატრნიორ უნივერსიტეტში (თსუ, ისუ, სტუ) განხორციელდება ბაკალავრიიატის საგანმანათლებლო პროგრამები ელექტრულ ინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებაში, ქიმიაში (ბიოქიმიის განხრით) და კომპიუტერულ ინჟინერიაში. მომავალში ასევე იგეგმება ბაკალავრის პროგრამების განხორციელება სამოქალაქო ინჟინერიასა და სამრეწველო მშენებლობაში.

„დღეს მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა. ყველანი მივედით იმ ეტაპზე, როცა უშუალოდ ვიწყებთ პროგრამის განხორციელებას. უნივერსიტეტებში მომზადდებიან პროფესორ-მასწავლებლები, შეიქმნება საჭირო ინფრასტრუქტურა - ლაბორატორიები და ა.შ. ეს არის სერიოზული გარდატეხა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რომელიც პირდაპირ აისახება სწავლის ხარისხზე“, - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის ფარგლებში, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გარდა, მოხდება პარტნიორი უნივერსიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება, პროფესორებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება, ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. დაგეგმილია სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებაც, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მჭიდრო პარტნორობას აშშ-ისა და საქართველოს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის. პროექტის შესაბამისად, საქართველოს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივ საერთაშორისო კვლევებში, რაც, თავის მხრივ, ტექნოლოგიურ, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებების სფეროებს გააძლიერებს. გამოცდილი და პროფესიონალი კადრების მომზადების შედეგად პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის შემცირებას.

„ამ პროექტის მეშვეობით სტუდენტებს საქართველოდან მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ ამერიკული დიპლომები და ამერიკული განათლება საქართველოში. სტუდენტები იგივე ხარისხის განათლებას ქვეყნიდან გასვლის გარეშე მიიღებენ“, - დასძინა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტმა ნენსი მარლინმა.

ღონისძიების ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე