geo eng
შეხვედრა-პრეზენტაცია სკოლების მოვლა-პატრონობის (O&M) პროგრამის შესახებ

2016-04-07

2016 წლის 7 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა-პრეზენტაცია სკოლების მოვლა-პატრონობის (O&M) პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. შეხვედრა გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. სკოლების მოვლა-პატრონობის პროგრამის ამოცანებზე, მიზნებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს პროექტის  ხელმძღვანელმა და აშშ-ის მწვანე მშენებლობის საბჭოს წევრმა დიუგუ ერტენიმ და მწვანე მშენებლობის საბჭო-საქართველოს ტექნიკურმა ექსპერტმა ნინო ლაზაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააგენტოების წარმომადგენლები.

უსაფრთხო, ჯანსაღი, სწავლის მასტიმულირებელი  და მიმზიდველი გარემო სასწავლო შედეგის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.  ამ მიზნის მისაღწევად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინიცირება გაუკეთეს სკოლების მოვლა-პატრონობის და ექსპლუატაციის სისტემის შემუშავების პროექტს საჯარო სკოლებისთვის. სისტემის შემუშავება ხორციელდება საგანმანათლებლო და სსიპ სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით, ხოლო ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს საერთაშორისო კონსულტანტი კომპანია „მწვანე მშენებლობის საბჭო“, რომელიც ათასწლეულის გამოწევის ფონდის მიერ განხორციელებული ტენდერის შედეგად შეირჩა.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს, სასკოლო ინფრასტრუქტურაში განხორცილებული ინვესტიციების (შენობა-ნაგებობების შენება/რეაბილიტაცია, აღჭურვილობით უზრუნველყოფა) მდგრადობისა და ხარჯთეფექტურობის და სასკოლო შენობა-ნაგებობებში ინსტალირებული მოწყობილობების (ელექტრო გაყვანილობა, გათბობა, კონდიცირება/ვენტილაცია და სხვა) გამართული და ენერგო-ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა; მოსწავლეთა და მასწავლებელთა ეკოლოგიურად სუფთა და დაცული/უსაფრთხო სასწავლო გარემოთი უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე  კომპაქტის ფარგლებში.