geo eng
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და აბიტურიენტებს შეხვდა

2016-06-04

2016 წლის 4 ივნისს საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) ორდღიანი სემინარი - STEM აკადემია დაიწყო. ღონისძიება გახსნილად გამოაცხადა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. ღონისძიების ფარგლებში, ამერიკიდან მოწვეული პროფესორები საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს ორდღიან სემინარს ჩაუტარებენ და მათ ტექნოლოგიურ და საინჟინრო დარგებში არსებულ უახლეს აღმოჩენებსა და მიმდინარე პროექტებს გააცნობენ.

„მე მჯერა, რომ ამ ოთახში სხედან ბავშვები, რომლებიც საქართველოს მომავალს შეცვლიან გლობალური მასშტაბით“ - განაცხადა მინისტრმა. STEM აკადემიის მონაწილეებს, აგრეთვე, სიტყვით მიმართეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორმა საქართველოში ჯენერ ედელმანმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა პროფესორმა კენ უოლშმა.

ამერიკელი მეცნიერების საქართველოში ვიზიტის მიზანია, საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM - Science, Technology, Engineering, Math) დარგებით დაინტერესებული უფროსკლასელებს გააცნონ ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის და ინჟინერიის სფეროს უახლესი აღმოჩენები და მიღწევები, აშშ-ის უმაღლესი განათლების სისტემა, საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობა და სხვა საინტერესო თემები.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში 2015 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში.

კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.