geo eng
ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის შესახებ განათლებაში

2016-12-06

3 და 4 დეკემბერს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა მეორე ტრენინგი ტრენერებისთვის გენდერული თანასწორობის საკითხებზე განათლებაში. ტრენინგი მიზნად ისახავდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროექტში მონაწილე ტრენერების ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების მინიჭების, მიკერძოებული შეფასებებისა და განათლების დარგში არსებული სტერეოტიპების  საკითხებზე.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ მეორე კომპაქტში პრიორიტეტულია გენდერული და სოციალური საკითხების გათვალისწინება ყველა განხორციელებულ პროექტში. ცნობილია, რომ გენდერის ნიშნით მიკერძოებული სასწავლო გარემო აფერხებს გოგოებისა და ქალების აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას, გავლენას ახდენს შეფასებების ჩამოყალიბებაზე. შესაბამისად, ფონდი ხელს უწყობს თანასწორი სასწავლო გარემოს განვითარებას, რომელშიც გოგოებს და ბიჭებს თანაბარი შესაძლებლობები ეძლევათ და თავიანთი ინტერესების გაღვივება შეუძლიათ.

მეორე ტრენინგს დაესწრო ჩვიდმეტი მონაწილე, რომელთაც ქონდათ შესაძლებლობა ემსჯელათ გენდერულ სტერეოტიპებზე და გენდერული სოციალიზაციის განსხვავებებზე, მოეხდინათ დამოკიდებულებების ანალიზი. მონაწილეები, რომლებიც თავის მხრივ ტრენერები არიან, ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა-გამოცდილებას, განიხილეს საზოგადოებრივი აზრისა და სასწავლო გარემოს ზეგავლენა მოზარდების ჩამოყალიბებაზე. „თუ გოგოებს და ბიჭებს თანაბრად წავახალისებთ, ისინი ირწმუნებენ საკუთარ შესაძლებლობებს და მართლაც ყველაფერს შეძლებენ. უარყოფით სტერეოტიპებს საგრძნობლად შეუძლიათ დააქვეითონ ადამიანის თვითშეფასება, ხოლო თანასწორ სასწავლო გარემოს კი, შეუძლია გაგვიყვანოს უფრო მაღალ შედეგებზე“ - ამბობდნენ ტრენინგის მონაწილეები.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გენდერულ უთანასწორობას მიიჩნევს ეკონომიკის ზრდის და სიღარიბის აღმოფხვრის ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად. გენდერული და სოციალური თანასწორობის ასპექტები გათვალისწინებულია კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ყველა ეტაპზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას თანასწორი წვდომა კომპაქტის რესურსებზე.