geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი „სმართ ქიდს“ NASA-ში გაემგზავრება

2017-02-27

კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის მეგობარია კომპანია ჯეოსელი

2017 წლის 27 თებერვალს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. ცამეტ ფინალისტ გუნდს შორის, პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“, კონკურსში გამარჯვებული „სმართ ქიდს“ აშშ–ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ღონისძიებათა დარბაზში გაიმართა.

პროექტი „გეოლოგიური საფრთხეები“ წარმოადგენს შეტყობინების სისტემას მეწყერსაშიში ზონებისთვის. მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად გამოყენებულია ჰოლის ეფექტზე დამყარებული მეთოდი. შედეგად, მიღებულია მაღალი მგრძნობელობა, სიზუსტე და საიმედოობა. ასეთი სისტემის აწყობა, წარმოება და დანერგვა საქართველოში მარტივად შესაძლებელია, რაც ცხადია, ხარჯეფექტიანია სახელმწიფოსთვის. გამარჯვებული გუნდის წევრები არიან სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეები: ნათია შამათავა, დეა ჩიტაია, ალექსი ტყებუჩავა, ლიკა კოკაია და გვანცა ჩიქოვანი.

წელს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილზე ორი გუნდი გავიდა - „ბორჯღალმობილი“ პროექტით „მთვარის როვერის ძრავა“ და „17“ - პროექტით „მაგნიტური ლიფტი“. „ბორჯღალმობილის“ წევრები არიან ახალი ლიცეუმის მოსწავლე გიორგი მარგიანი და აია - GESS-ის მოსწავლე გიორგი ნიორაძე; ხოლო გუნდის „17“ წევრები გიორგი ფხაკაძე, ოლეგ ჯაჭვლიანი და ნანო ხეცურიანი ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

კონკურსის მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა „ძმები ბუთბაიები“, პროექტით „ოპტიმიზირებული პარკინგის სისტემა - Smart Parking”. კოსტა და გიორგი ბუთბაიები კომაროვის 199-ე საჯარო სკოლისა და სკოლა-ლიცეუმის „მწიგნობართუხუცესი“ მოსწავლეები არიან.

გუნდებს გამარჯვება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში მისმა აღმატებულებამ იან კელიმ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ჯეოსელის გენერალურმა დირექტორმა პაველ სმალინსკიმ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ მიულოცეს. კონკურსში მონაწილე გუნდებისთვის სპეციალური პრიზები დააწესეს: კომპანიამ ჯეოსელი, საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კომპანიამ Microsoft, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ - GITA, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, საქპატენტმა, IDS ბორჯომი საქართველომ, National Geographic საქართველომ და სახალისო მეცნიერებათა მუზეუმმა - ექსპერიმენტორიუმი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და ჯამში 240 გუნდს აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს მასშტაბით. კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. წელს, კონკურსის მეგობარი გახდა კომპანია ჯეოსელი.