geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ჯილდო „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ სამ კომპანიას გადაეცა

2017-03-09

2017 წლის 9 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ სამ გამარჯვებულს, კომპანიას ჯეოსელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კომპანიას დიო ჯილდო გადასცა. 

ღონისძიება გახსნეს და გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ საქართველოში ნიკოლას ბერლინელმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ერიკა კვაპილოვამ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ჯილდო „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ კომპანიებს შემდეგი მიღწევებისთვის გადაეცათ:

ჯეოსელი: ხელს უწყობს ანტიდისკრიმინაციული და თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნას. კომპანია პროაქტიურად  მოქმედებს, რათა გაზარდოს მობილური კავშირგაბმულობის დარგში ქალების მონაწილება, შესაბამისად, კომპანიაში დასაქმებულთა 60 პროცენტს ქალები წარმოადგენენ. კომპანიის ხელმძღვანელი პოზიციების 41 პროცენტი ქალებს უკავიათ. ტექნიკური  დეპარტამენტის სამ განყოფილებას ქალი თანამშრომელი უდგას სათავეში.  

ჯეოსელმა წამოიწყო ქალების ტექნოლოგიებში მოზიდვის კამპანია, რომელიც ითვალისწინებს სტიპენდიების გაცემას ახალი ტექნოლოგიებით და ინოვაციებით დაინტერესებული გოგოებისთვის და მათ ტრენინგს ჯეოლაბში.  ჯეოსელი ხელს უწყობს მამაკაცი თანამშრომლების მიერ დეკრეტული შვებულების აღებას, აქვს ნებისმიერი სახის შევიწროების აღმოფხვრის მოქმედი მექანიზმი და თანამშრომლების წახალისების თანასწორი პოლიტიკა; კომპანია ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადმიანების მისაღებად და დასასაქმებლად.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი: აქტიურად უწყობს ხელს გენდერულ თანასწორობას და ქალების მონაწილეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობაში. დასაქმებაში გათვალისწინებულია გენდერული ბალანსი და 30 აკადემიური თანამდებობა ქალს უკავია, ხუთი ფაკულტეტიდან ოთხს ქალი ხელმძღვანელობს.

თანამშრომლებს ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები, მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროგრამებში, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. უნივერსიტეტი აფინანსებს სოციალურად დაუცველი ქალების და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტების სწავლას. დასაქმების პოლიტიკა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ზღუდავს სამუშაოს მაძიებლების სქესს, ასაკსა და ფიზიკურ მონაცემებს. ოჯახური ვალდებულებების მქონე და ორსული ქალები მეტი შეღავათებით სარგებლობენ, სახელფასო პოლიტიკა თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარ ანაზღაურებას უზრუნველყოფს.

დიო: მისი საკადრო პოლიტიკა მიმართულია თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და მუდმივ პროფესიულ ზრდაზე. კომპანია აფინანსებს თანამშრომლების სწავლებას. 2016 წელს კომპანიამ გადაამზადა ქალი თანამშრომლები თითქმის ყველა განყოფილებიდან.

აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია სისტემატურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რათა მათი დახმარებით შეარჩიოს სოციალურად დაუცველი ქალები, ჩაუტაროს მათ პრაქტიკული კურსი და შეასწავლოს რამდენიმე პროფესია, რომელიც დაეხმარება მათ სამომავლო დასაქმებაში. 

ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის კონკურსი წელს მეორედ განხორციელდა და მასში მონაწილეობა საქართველოში მოქმედმა 33-მა კომპანიამ მიიღო. კონკურსი მიზნად ისახავს იმ კომპანიების გამოვლენას, რომლებიც ხელს უწყობს ქალებს, მიიღონ განათლება და მოახდინონ შესაძლებლობების სრულყოფილი რეალიზება.

კონკურსი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპატქტის მიერ შემუშავებული ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების პოპულარიზების მიზნით. კერძოდ, აღნიშნული კონკურსი ითვალისწინებს მეოთხე პრინციპს - ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ბიზნესში გენდერული თანასწორობისთვის. აღნიშნული პრინციპი პასუხობს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ძირითად ამოცანას - უზრუნველყოს ქალები თანაბარი შესაძლებლობებით.