geo eng
სან დიეგოში საქართველოს დღეები გაიხსნა

2017-04-24

24 აპრილს სან დიეგოში საქართველოს დღეები დაიწყო.  გახსნის ცერემონიას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა პროფესორმა ჩუკუკა ენვემეკამ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებმა უმასპინძლეს. 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ჯენერ ედელმანმა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტი საქართველოს დეკანმა კენ უოლშმა მიმართეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა, რომელზეც შეაჯამეს ერთი წლის შედეგები და განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს.

ღონისძიებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კორპუსის მშენებლობას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიგა ზედანიამ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მიშელ გეთსმა.

ასევე,  გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტის ანალიზის და მართვის ინსტიტუტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსუ-ს კონფლიქტის ანალიზის და მართვის ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა გუგული მაღრაძემ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების ვიცე პრეზიდენტის მოადგილემ პროფესორმა ალან სვიდლერმა. მემორანდუმი ითვალისწინებს გაცვლითი პროგრამების და ერთობლივი კვლევების განხორციელებას. 

სან დიეგოში საქართველოს დღეები 24-26 აპრილს იმართება.  დღეები ეძღვნება აშშ და საქართველოს 25 წლის პარტნიორობის იუბილეს. ღონისძიების ფარგლებში  აშშ-ში ვიზიტით იმყოფება თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი შარვაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიგა ზედანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი და კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. საქართველოს დღეებს დახურავს საქართველოს შესახებ გამოფენა  და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პროფესორი დავით ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია.