geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინსიტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2017-06-21

2017 წლის 20 ივნისს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინსიტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და აჭარის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს აჭარის ავტონომიურ რეგიონში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებას. განხორციელდება საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნებისა და ინგლისური ენის მასწავლებლების, ასევე საჯარო სკოლების დირექტორების პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგები; საჯარო სკოლების საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, გაძლიერდება პარტნიორობა ინდუსტრიის მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროგრამების დანერგვის მიმართულებით. ამჟამად, უკვე მიმდინარეობს პროფესიული განათლების პროექტი, რომელიც ხორციელდება ბათუმის საზღვაო აკადემიაში. პროექტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდისგან 1.4 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა და მიზნად ისახავს საზღვაო ინდუსტრიაში მოთხოვნადი სასწავლო პროგრამების განვითარებას. პროექტის ფარგლებში, ბათუმის საზღვაო აკადემიაში ოქტომბრიდან სტუდენტების მიღება ოთხ ახალ პროფესიულ პროგრამაზე დაიწყება: მეთევზე მეზღვაური, ლოგისტიკის და პორტის მენეჯმენტი, ამწეკრანის ოპერატორი და შემდუღებელი.

ფონდის უმაღლესი განათლების პროექტი, რომელსაც ახორციელებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აბიტურიენტებს სთავაზობს ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამების საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დისციპლინებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ განათლებასა და დიპლომს. ამჟამად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს პროგრამებზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან 10 სტუდენტი სწავლობს.