geo eng
საქართველოში პირველად პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა

2017-09-15

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 14 სექტემბერს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკური გამოაცხადა.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო წარმოადგენს ღია კონკურსს, სადაც გამოვლინდებიან პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების სტუდენტი. 

"მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ  წარმატებული მაგალითები, რაც ამ დროისთვის დაგროვდა პროფესიული განათლების მიმართულებით. სწორდ ამას ემსახურება ეროვნული კონკურსიც. პროფესიული განათლება ჩვენი ქვეყნის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენი პრიორიტეტიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციაა." - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ. 
 
"წლების წინ პროფესიული განათლების პროგრამა შორს იყო ბაზრის მოთხოვნებისგან. დღეს უკვე ბიზნესი თავად ერთვება საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის პროცესში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადებას"  - აღნიშნა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა. 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიზანია, პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება, მისი მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარება, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებში, ასევე ინდივიდებში.

გამარჯვებულები 2017 წლის 31 ოქტომბერს გალა დაჯილდოებაზე გამოცხადდებიან.