geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016-2017 წლებში დაასრულა 30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით

2017-09-18

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. შედეგად, რეაბილიტირდა 70 ათასი კვადრატული მეტრი ფართი და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10 ათასზე მეტი მოსწავლისთვის.

პროექტის ფარგლებში, პარალელურად, მიმდინარეობს 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. შესაბამისად, რეაბილიტაცია უტარდება 62 ათას კვადრატულ მეტრ ფართს, ხოლო სასწავლო გარემო გაუმჯობესდება, დამატებით, 13 ათასი მოსწავლისთვის.  

18 სექტემბერს, 30 რეაბილიტირებული სკოლიდან ერთ-ერთი - ხაშურის შოთა რუსთაველის სახელობის მე-9 საჯარო სკოლა - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა საზეიმოდ გახსნეს.

„დღეს 30 ახლადრეაბილიტირებული სკოლა ხვდება სასწავლო წელს. ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში 100–მდე საჯარო სკოლას ჩავუტარებთ რეაბილიტაციას და განახლებული ინფრასტრუქტურით ხელს შევუწყობთ სწავლა–სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებით აძლიერებს საქართველოში საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხს; ჩვენ მიერ რეაბილიტირებულ სკოლებს აღვჭურვავთ თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით, რაც გვეხმარება წარმატებული შედეგის მიღწევაში“ – განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლის მოსწავლეებთან და ადმინისტრაციასთან საუბრის დროს ყურადღება სასწავლო გარემოს მნიშვნელობაზე გაამახვილა: „სხვადასხვა კვლევით დამტკიცებულია, რომ სასწავლო გარემო გავლენას ახდენს მასწავლებლისა და მოსწავლის მოტივაციაზე და აისახება აკადემიურ მოსწრებაზე. აქ ყველა გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ისეთი განათლება, რასაც იმსახურებენ. სკოლის რეაბილიტაციამ ერთი მოსწავლის ბედიც რომ შეცვალოს, მარტო ამისთვის ღირს ძალისხმევა, თუმცა, დარწმუანებული ვარ, რომ რეაბილიტირებული სკოლა ბევრი მოსწავლისთვის სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს.“ – აღნიშნა მან.

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, სკოლების რეაბილიტაცია და ლაბორატორიებით აღჭურვა მოსწავლეებს მსოფლიო დონის განათლების მიღებაში დაეხმარება. „მოხარული ვარ, სამინისტროსთან და ფონდათან ერთად საზეიმოდ გავხსნათ ხაშურის მე-9 საშუალო სკოლა. აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით, აფინანსებს საქართველოში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტს. ჩვენ შევძლებთ, რომ მოსწვალეებს მივცემთ მსოფლიო დონის განათლება, რაც თავის მხრივ საქართველოს გაძლიერებას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.“– განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიორე კომპაქტის დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების  სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.