geo eng
პირველად საქართველოში STEM საგანმანათლებლო პროგრამები საერთაშორისო აკრედიტაციას მიიღებენ

2017-09-29

18-29 სექტემბერს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მოწვევით საქართველოში ABET-ის ფონდის ექსპერტების ვიზიტი განხორციელდა.  ABET არის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის პროგრამების აკრედიტაციის წამყვანი ორგანიზაცია, რომელსაც მსოფლიოს 30 ქვეყნის 752 უნივერსიტეტში 3 ათასზე მეტი პროგრამა აქვს აკრედიტებული.  ABET-ის ფონდის ექპერტების პირველი ვიზიტი საქართველოში 2013 წელს განხორციელდა, საქართველოს ხუთი უნივერსიტეტის 15 პროგრამის შესაფასებლად. 

წლევანდელი ვიზიტის მიზანი იყო ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების პროგრამებისთვის ABET აკრედიტაციის მოსაპოვებელი მოსამზადებელი სამუშაოების შეფასება.  ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის პროგრამებს შეეძლებათ საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება.

დამატებით, ვიზიტის ფარგლებში, 22-23 სექტემბერს გუდაურში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და განთლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია „აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია".

კონფერენცია, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა, მიზნად ისახავდა საქართველოში აკრედიტაციის სისტემაში მიმდინარე ცვლილებების განხილვას და ამერიკისა და ევროპის აკრედიტაციის სააგენტოების წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. 

კონფერენციის ფარგლებში, ფონდის მიერ მოწვეულმა ამერიკელმა კონსულტანტებმა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს გააცნეს ABET აკრედიტაციის  სპეციფიკა. მათ ყურადღება შედეგზე ორიენტირებულ აკრედიტაციაზე და მის მნიშვნელობაზე გაამახვილეს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის.