geo eng
სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა (SDSU)და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის კარკასის მშენებლობა დასრულდა

2018-01-30

29 იანვარს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის უმაღლესი განათლების პროექტის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის ფარგლებში ხორციელდება, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა (SDSU) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობის კარკასის მშენებლობის დასრულების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ახალი, ოთხსართულიანი, 4,750 კვადრატული მეტრის საგანმანათლებლო შენობა 2018 წელს დასრულდება და აღიჭურვება უახლესი საინჟინრო და ტექნოლოგიური ლაბორატორიებითა და  თანამედროვე აუდიტორიებით.

„საამაყო მომენტია ჩვენთვის, როდესაც ქართველი და ამერიკელი ხალხის თანამშრომლობის შედეგს ვხედავთ. ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ხედვას, რომელიც საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მეორე კომპაქტის ფარგლებში შევქმნათ მსოფლიო დონის განათლების სისტემა. დღევანდელი დღე არის დასტური იმისა, რომ აღნიშნული პროცესი სწორი მიმართულებით ვითარდება.“ – აღნიშნა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის  ვიცე-პრეზიდენტის მოადგილემ ლონა სთოლმა მის მისასალმებელ სიტყვაში.

ღონისძიებას დაესწრნენ და სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერისტეტების - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორები და წარმომადგნელები.

„პირველ რიგში სტუდენტებს მივულოცავ, რადგან მათ ექნებათ ყველა პირობა იმისთვის, რომ საფუძვლიან ცოდნას დაეუფლონ. განათლებაზე როცა ვსაუბრობთ, მინდა, გამოვყო ზუსტი,  საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებები, რომლებიც არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ ამ უნივერსიტეტის ახალ შენობაში იქნება უახლესი ლაბორატორიები, რაც უნიკალური შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, რომ მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალები გახდნენ.“ – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ამერიკული პროგრამები უკვე მეოთხე წელია წარმატებით ხორციელდება და 400-ზე მეტი სტუდენტი  საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ  დისციპლინებს სწავლობენ. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ამ უნიკალური უმაღლესი განათლების პროექტის კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ განათლებასა და დიპლომს საქართველოდან გაუსვლელად.

„ამ შენობის დასრულების შედეგად, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და აბიტურიენტებს გაუჩნდებათ დამატებითი შესაძლებლობა თანამედროვე ინფრასტუქტურის შენობაში მიიღონ მსოფლიო დონის განათლება. სტუდენტები, რომლებიც აქ ისწავლიან, შეძლებენ, გარდამტეხი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის  განვითარებაში და შექმნან უკეთესი საქართველო“ – დასძინა საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა კენ უოლშმა.