geo eng
პირველად საქართველოში მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ელექტრონულ რეჟიმში შეძლებენ

2018-03-06

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსების ინოვაციური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსები ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ არის ინიცირებული და ის პედაგოგებს შესაძლებლობას მისცემს,  მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგები.

მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი: „განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, დავიწყეთ ონლაინ მოდულების შექმნა მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების მიზნით. მომავალ წელს დავიწყებთ  კურსების დანერგვას, რომლის საშუალებითაც მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა მაიკროსოფთის მიერ ქართულად თარგმნილ პლათფორმაზე შევიდეს, მისთვის სასურველი კურსი აირჩიოს და აიმაღლოს კვალიფიკაცია. ინოვაციური პროექტი ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას საბუნებისმეტყველო საგნებსა, მათემატიკასა  და ინგლისურში.“

შეხვედრას დაესწრნენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ლია გიგაურმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, კატერინა ნტეპიმ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველმა დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

„ონლაინ კურსი 9 მოდულისაგან შედგება და მოიცავს,   როგორც   ზოგად პროფესიულ   პროგრამას,   ასევე   საგნობრივ (ფიზიკა,   ქიმია,   ბიოლოგია, მათემატიკა,   გეოგრაფია,   ინგლისური)   მოდულებს.    ელექტრონული პროგრამა არის სიახლე მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის. პროგრამა მოქნილია და მასწავლებელს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი პროფესიული განვითარება თავად დაგეგმოს სახლიდან გაუსვლელად, მისთვის ხელსაყრელ დროს. „  - აღნიშნა ლია გიგაურმა.

ელექტრონული კურსები კურსების   შემუშავება   დასრულდება   2019   წლის აპრილში და პილოტირების შემდეგ, ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის.

ელექტრონულ კურსებს შეიმუშავებს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით.