geo eng
ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს ABET ფონდის ექსპერტების კვლევა და თემატური სემინარები საქართველოში

2013-10-28

ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო (ABET) ექსპერტებმა “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს” პროექტის ფარგლებში ჩაატარეს სემინარები საქართველოში. სემინარი ჩატარდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც გახსნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში , ხოლო დღეს სემინარი ჩატარდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

საქართველოში ABET-ის ფონდის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული, სამეცნიერო და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესწავლა და საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამების საერთაშორისო ABET-აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრა. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს სსიპ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში. ჩატარებული კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება საქართველოში ამერიკული პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამების განხორციელებისათვის. კვლევის შედეგები ასევე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, მათი პროგრამული განვითარების სრულყოფისა და გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა-განხორციელების ჭრილში.