geo eng
მასწავლებლებისათვის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიდგომებზე კონფერენცია გაიმართა

2018-06-11

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია სახელწოდებით - „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტი და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებების სწავლებისას.“

კონფერენცია, რომელსაც 200-ზე მეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინგლისურისა და გეოგრაფიის მასწავლებელი, 50-ზე მეტი ქართველი და უცხოელი განათლების ექსპერტი დაესწრო, იყო  დამატებითი შესაძლებლობა სწავლებისა და თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად, არსებული სიახლეების, თანამედროვე მიდგომებისა და რესურსების გასაცნობად.

მასწავლებლებმა იმსჯელეს მოსწავლის მოტივაციის გაზრდაზე ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისადმი, როგორ უნდა შეცვალონ მასწავლებლებმა მიდგომები, რათა გაკვეთილი მეტად მოსწავლეზე ორიენტირებული, ინტერაქტიული და დინამიური გახადონ.

“აღნიშნული კონფერენცია ნაწილია ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობებისა, რომელიც მიზნად ისახავს ზოგადი განათლების დონეზე სწავლა-სწავლების ხარისხის ზრდის ხელშეწყობას, რაც საბოლოო ჯამში დაეხმარება ადამიანური კაპიტალის განვითარებას. ადამიანური კაპიტალი ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი წინაპირობაა. საქართველომ ბოლო 25 წლის მანძილზე მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიათუმცა, თანამედროვე კვლევები გვიჩვენებს, რომ ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ხელისშემშლელ ფაქტორს კვლავ პროფესიონალი კადრების დეფიციტი წარმოადგენსგანსაკუთრებით ეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) სფეროებში კადრების დეფიციტს ეხება,“ განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ  „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოახორციელებს პროგრამებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში, სადაც აქცენტი სწორედ STEM სფეროში განათლების ხარისხისა და  ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე კეთდება,“ აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

„იმისათვის, რომ მოსწავლის მოტივაცია ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისათვის გაიზარდოს, მნიშვნელოვანია ის დავაინტერესოთ და რაც მთავარია სწავლების პროცესი გავხადოთ სახალისო და მის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული. 21 - საუკუნის მოსწავლე, არის ზღვა ინფორმაციის საუკუნეში მცხოვრები გლობალური მოქალაქე, რომლის ყურადღების მიქცევა კონკრეტული ინფორმაციის აღქმის, გააზრების და გამოყენებისათვის არც თუ ისე ადვილია. მხოლოდ ფორმულების ამოხსნით მას ვერ დავაინტერესებთ,“ განაცხადა მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერმა ირინა აბულაძე.

მასწავლებლებმა განათლების ექსპერტებთან ერთად განიხილეს მოსწავლის ჰოლისტური განვითარების ხელშემწყობი სასწავლო გარემო, ტექნოლოგიების  როლი  სწავლა-სწავლების  პროცესში და ინოვაციური სწავლების თანამედროვე  ტექნოლოგიები.  

კონფერენციის ფარგლებში  გაიმართა მასწავლებლების მიერ თავიანთი საუკეთესო პრაქტიკის -  პოსტერ პრეზენტაციის ფორმატში დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგენა.  ასევე, შედგა საქართველოში არსებული ინოვაციური სასწავლო რესურსის გამოფენა.  შესაბამისად, STEM EXPO, ორი ნაწილისაგან შედგებოდა - პოსტერების პრეზენტაცია და რესურსების გამოფენა.

STEM EXPO-ს ფარგლებში თანამედროვე საკომუნიკაციო-ტექნოლოგიური სასწავლო რესურსების გამოფენაც გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებლებმა. მათ შრორის იყვნენ საგანმანათლებლო სოციალური ქსელი EDMODO, ენციკლოპედია BRITANNICA, Microsoft-ი, ხანის აკადემია, IT Step აკადემია და დავით სონღულაშვილის ლაბორატორია.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2015 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ცენტრის მიერ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური და ექსპერტული მხარდაჭერით 7-12 კლასების ზუსტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, გეოგრაფიის და ინგლისურის, ასევე საჯარო სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.  

საერთო ჯამში პროგრამის ფარგლებში 25 000 მდე სპეციალისტი გაივლის გრძელვადიან მომზადებას, რომელიც ტრენინგების მიღმა მოიცავს სასწავლო შეხვედრებს, რესურსების განვითარებას და ახალი პრაქტიკის სასკოლო გარემოში დანერვის ხელშეწყობას.