geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ის სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2018-10-24

საქართველოს პარლამენტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და აშშ-ის სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია პარლამენტის თბილისის სასახლეში გაიმართა. მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა ერთობლივი პროექტისა და ინიციატივის განხორციელებას ითვალისწინებს, რაც განათლების სისტემის გაძლიერებას, ასევე საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში ადამიანური კაპიტალის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტთან თანამშრომლობა და მივესალმებით პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს პრაქტიკის და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ჩვენი თანამშრომლობა, რამდენიმე მიმართულებით, წარმატებული იქნება“, - განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

“მოხარულები ვართ, რომ დღეს პარლამენტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტების სტაჟირებაზე და მათ დასაქმებაზე უნივერსიტეტი პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობას შეძლებს. ვფიქრობთ, რომ კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის კუთხით, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების ცოდნას პარლამენტის აპარატი გამოიყენებს“, - აღნიშნა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა, ჰალილ გუვენმა.

„აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სან დიეგოს უნივერსიტეტმა, განათლების ხარისხის კუთხით, უმაღლეს სასწავლებლებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პარლამენტი, როგორც ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური ორგანო, შესაძლებლობას იძლევა, რომ მის აპარატში პრაქტიკის და სტაჟირების გავლა მოხდეს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სან დიეგოს უნივერსიტეტს ამთავრებენ ან დამამთავრებელ კურსზე იმყოფებიან.” - განაცხადა გივი მიქანაძემ ხელმოწერის ცერემონიის დასასრულს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა, ჰალილ გუვენმა და პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მოაწერეს.