geo eng
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უნივერსიტეტების თანამშრომლობა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში

2014-02-04

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 (აშშ დოლარის) მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. აქცენტი კეთდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი, ამ ეტაპზე, საქართველოს განათლების სფეროში ჩადებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი მოიცავს 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას (გრანტს) უმაღლესი განათლებისთვის და გულისხმობს აშშ-სა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების პარტნიორობის პროექტს. უმაღლესი განათლების სფეროში პარტნიორობის მიზანია აშშ-სა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან შემდგარი კონსორციუმის შექმნა, რომელიც საქართველოში განახორციელებს საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების პროგრამებს ზუსტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების პროგრამების განვითარებას და მომზადებას აშშ-ის აკრედიტაციის მოპოვებისთვის.

საერთაშორისო ტენდერის შედეგად („პარტნიორი ინსტიტუტების შერჩევა მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის უმაღლესი განათლების საბაკალავრო პროგრამების შემუშავებისთვის“) გამოვლინდა აშშ-სა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან შემდგარი შემდეგი ორი ნახევარფინალისტი კონსორციუმი:

მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს კონკურსის საბოლოო ფაზა. განათლების სფეროს საერთაშორისო დონის მკვლევრებისგან და სპეციალისტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი კომისია შეაფასებს და შეარჩევს იმ გამარჯვებულ პროექტს (ან პროექტებს), რომელიც დაფინანსდება კომპაქტის ფარგლებში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ეკონომიკური შეფასების წარმატებით გავლის შემდგომ. 2014 წლის მარტში ცნობილი გახდება კონკურსის შედეგები და მოეწყობა გამარჯვებული პროექტის წარდგენა საზოგადოებისთვის.

კომპაქტის ხელმოწერამდე მოლაპარაკებები და კონსულტაციები მიმდინარეობდა იმ პროექტების შესახებ, რომლებიც საბოლოოდ აისახებოდა კომპაქტში. საწყის ეტაპზე, წინა მთავრობის მიერ, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისადმი წარდგენილი იყო იდეა ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნის შესახებ. 2011 წლის ნოემბერში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ შეატყობინა საქართველოს მთავრობას, რომ კორპორაციამ არ დაამტკიცა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ბათუმში ახალი უნივერსიტეტის გახსნას. კონრეტულად კი, წარმოიშვა შეკითხვები ახალი, ცალკე მდგომი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აშენებისთვის საჭირო ხარჯების რენტაბელობის შესახებ, რომელსაც პირდაპირი ბენეფიციარების შეზღუდული რაოდენობა ეყოლებოდა და შედეგად პროექტით ისარგებლებდნენ მხოლოდ მეტად პრივილეგირებული და არა მცირე შემოსავლის მქონე ოჯახები.

მოლაპარაკებების შედეგად და ხარჯების, სარგებლის და ბენეფიციარების ეკონომიკური ანალიზის გავლის შემდგომ გადაწყდა, რომ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა არ იყო მისაღები და შესაბამისად არ მოხდა მისი კომპაქტში გათვალისწინება. ბათუმში უნივერსიტეტის გახსნის ნაცვლად, საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი მეორე კომპაქტი მიზნად ისახავს სტრატეგიულ ინვესტიციებს და პროექტების განხორციელებას საქართველოს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარებისთვის, რაც ბენეფიციარების უფრო ფართო სპექტრს მოიცავს.