geo eng
პრემიერ-მინისტრი სრულად რეაბილიტირებულ თელავის მე-9 საჯარო სკოლას ეწვია

2018-11-26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თელავში ახლად რეაბილიტირებულ მე-9 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, რომელიც ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით, სრულად გარემონტდა.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის თქმით, სრული რეაბილიტაცია უტარდება 91 საჯარო სკოლას რეგიონებში, საიდანაც 58 საჯარო სკოლა უკვე დასრულებულია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორიები დაათვალიერა და მოსწავლეებს გაესაუბრა.  პრემიერი თელავის რეაბილიტირებულ სკოლაში განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, თელავის მე-9 საჯარო სკოლა არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რა შედეგი მოაქვს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში ჩადებულ ინვესტიციებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას,  საგანმანათლებლო სფეროს მხარდაჭერაში გაწეული დახმარებისათვის.

,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 58 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში. მიმდინარეობს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი დასავლეთ საქართველოს სკოლებში. სულ 2015-2018 წლებში სკოლების რეაბილიტაციის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 26,259,259 აშშ დოლარს, ჯამური რეაბილიტირებული ფართი - 134 000 მ2, ხოლო ბენეფიციარების რაოდენობა - 22 400 მოსწავლეს.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტით/გრანტით. ჯამში, საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის კომპაქტიდან 54 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი.