geo eng
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში ამერიკული უნივერსიტეტები საქართველოში საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებენ

2014-02-25

ამერიკული უნივერსიტეტები საქართველოს სახელმწიფო უნივერსტიტეტებთან ერთად, საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებენ. აღნიშნული უნიკალური საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების შედეგად, კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს საინჟინრო სპეციალობებში, ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, რაც გულისხმობს 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას (გრანტის სახით) საქართველოს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებისათვის. კომპაქტის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარება და აქცენტი კეთდება საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებების განვითარებაზე. უმაღლესი განათლების პროექტის განხორციელებისთვის მეორე კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილია 30 მილიონი აშშ დოლარის გრანტის გაცემა.

2013 წლის 6 თებერვალს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ გამოაცხადა ტენდერი „პარტნიორი ინსტიტუტების შერჩევა მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის უმაღლესი განათლების საბაკალავრო პროგრამების შემუშავებისთვის“. ტენდერის მიზანია აშშ-სა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან შემდგარი კონსორციუმის გამოვლენა, რომელიც საქართველოში განახორციელებს საბაკალავრო პროგრამებს.

მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს კონკურსის ბოლო ეტაპი, რომლის დროსაც განათლების სფეროს საერთაშორისო, დამოუკიდებელი მკვლევრებისგან შემდგარი კომისია კონკურსში გამარჯვებულ ფინალისტს შეარჩევს. კონკურსში მონაწილეობას იღებს ორი კონსორციუმი. ესენია - სან დიეგოს უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების კონსორციუმი; და ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის, ობურნის უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების კონსორციუმი.

კონკრეტულად რომელი უნივერსიტეტი იქნება შერჩეული კომისიის მიერ ცნობილი გახდება 2014 წლის მარტის დასაწყისში, რის შედეგადაც მოეწყობა გამარჯვებული პროექტის წარდგენა საზოგადოებისთვის.