geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 2018 წლის შედეგები

2019-02-14

შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული ადამიანური კაპიტალის განვითარება, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორის გაძლიერება, მოსწავლეებში საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM) მიმართულებისადმი ინტერესის გაზრდა, ინოვაციური აზროვნების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია  -  ეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 2018 წლის საქმიანობის პრიორიტეტებია. 

„ჩვენი ძირითადი საქმიანობა გახლავთ საქართველოში საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით. ვახორციელებთ პროექტებს, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარებას უწყობს ხელს.  პროექტებს აშშ-ის მთავრობა აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტით, ამით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ის, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში“ - აღნიშნავს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით, შემდეგი პროექტები განხორციელდა 2018 წელს:

- რეაბილიტირებულია 66 საჯარო სკოლა, ყველა მათგანი აღიჭურვა თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით.  ჯამში, ფონდი 2014-19 წლებში სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს 91 საჯარო სკოლას საქართველოს რეგიონებში. შედეგად, სასწავლო გარემო 37 000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდება.

მასწავლებელთა და სკოლი დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის ფონდი 12.5 მილიონ დოლარს ხარჯავს. ზოგადპროფესიული კურსი უკვე გაიარა საქართველოს საჯარო სკოლების 13 441-მა მასწავლებელმა, საგნობრივი - 14 153-მა პედაგოგმა. მასწავლებლებისთვის გამოიცა სახელმძღვანელო „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ და ჩატარდა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენცია.

სკოლის დირექტორებისთვის პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი „ლიდერობის აკადემია“ შემუშავდა. კურსი გაიარა 1,872 -მა დირექტორმა და 1,794-მა ფასილიტატორმა.

- იმ დროს, როცა გენდერული თანასწორობა ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს და ქმნის დაბრკოლებებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში, ფონდი  აქტიურად იღებს მონაწილეობას გენდერული თანასწორობის წახალისებაში. ფონდის მხარდაჭერით, 2018 წელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობით, თბილისში პირველად ჩატარდა  „ქალები მეცნიერებაში (WiSci) – საქართველო 2018“ გოგონების საერთაშორისო ბანაკი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპების მიხედვით, ფონდმა საფუძველი ჩაუყარა კონკურსს, „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“.

- „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა 51 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. 

- 2018 წელს დაფინანსდა 10 საგრანტო პროექტი პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდისა და კერძო-საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობისთვის.

- 2018 წელს მესამედ ჩატარდა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი, სადაც გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ.

- ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება უმაღლესი განათლების პროექტი „სან დიეგო სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო - 2020“, რომელიც ხორციელდება სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.  2014 წლიდან სტუდენტებს საქართველოში მიეცათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ ამერიკული განათლება და საერთაშორისო, ამერიკული აკრედიტაციის მქონე ბაკალავრის დიპლომი STEM-ის დისციპლინებში.

- 2018 წლისთვის სან დიეგო სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამებზე 500-ზე მეტი სტუდენტი იღებს განათლებას.

- აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანი ინჟინრებისა და ტექნოლოგების მომზადება და აშშ-ში აკრედიტებული განათლების პროგრამების დანერგვა საქართველოში, რისთვისაც ფონდმა $14 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტირება მოახდინა ახალი საუნივერსიტეტო შენობის აშენების და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისათვის პარტნიორ უნივერსიტეტებში თბილისში.

ეს და სხვა მრავალი საქმიანობა, რაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ 2018 წელს შესრულდა დეტალურად იხილეთ აქ.