geo eng
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა პროფესიულ განათლებაში

2019-02-21

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა პროფესიულ განათლებაში - ამ თემაზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა გაიმართა.  გენდერული უთანასწორობა, ხშირად, ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. შესაბამისად, ფონდის მიზანია თანაბარი წვდომისა და სარგებლის, სოციალური ჩართულობისა და გენდერული ინტეგრაციის უზრუნველყოფა.

ღონისძიება გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჯენერ ედელმანმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ  და  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯეფ რენომ.

ფონდის დირექტორის, მაგდა მაღრაძის თქმით, პროფესიულ განათლებაში მეტი ქალის მონაწილეობის ხელის შემშლელი ფაქტორები, ძირითადად, საინჟინრო-საბუნებისმეტყველო დარგებში გვხვდება. სწორედ ამგვარი ტენდენციის შეცვლას ემსახურება ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც თანაბარი წვდომისა და სარგებლის, სოციალური ჩართულობისა და გენდერული ინტეგრაციის უზრუნველყოფის შესაძლებლობას იძლევა.

,,ჩვენი ფონდი უკვე მეხუთე წელია, ახორციელებს მასშტაბურ პროექტს ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის", რომლის ფარგლებშიც, 16 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განხორციელდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ჯამში შეიქმნა 51 ახალი, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. აღნიშნულ პროგრამებში მეტი ქალის მონაწილეობის უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ,“ - აღნიშნა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

მრგვალ მაგიდასთან, რიგით მერვე შეხვედრაში მონაწილეობდნენ  ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებული საგანმანათლებლო ორგანიზაციები, რომელთაც საგრანტო სახსრების გამოყენებით შექმნეს ახალი, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების პროგრამები. აგრეთვე, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს აშშ-ის აივოას შტატში სასწავლო ვიზიტით ყოფნის დროს მიღებული გამოცდილება კოლეჯებში გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირების მხრივ,  კერძოდ, რა დაბრკოლებებს აწყდებიან გოგოები პროფესიული განათლების მიღებისას და როგორ ძლიერდება ეკონომიკა მათი დასაქმებით. აღნიშნული სასწავლო ვიზიტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. 

ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, რომლის თანაორგანიზატორია ამერიკულ ორგანიზაცია World Link-ი, 19-20 თებერვალს ჩატარდა სამუშაო ვორქშოფი სოციალური მედია მარკეტინგისა და სტუდენტების მოზიდვის სტრატეგიების შესახებ. მომდევნო 6 თვის განმავლობაში მონაწილე კოლეჯები მენტორებთან ერთად განახორციელებენ სოციალური მედიის აქტივობებს, რაც მათ პროფესიულ პროგრამებზე ქალების ჩართულობას წაახალისებს. ამ მიზნით, მათ მცირე სარეკლამო გრანტებიც გადაეცემათ. მენტორობის კომპონენტს ახორციელებს ადგილობრივი ორგანიზაცია ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი. 19-20 თებერვლის ორდღიანი ვორქშოფის ფარგლებში, მონაწილეებმა უკვე შეიმუშავეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია, რომლის მიხედვითაც განახორციელებენ აქტივობებს. 

მრგვალი მაგიდა ორგანიზებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ, რომელიც ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტს საქართველოში, ახდენს 140 მლნ აშშ დოლარის  ინვესტირებას ქვეყნის განათლების სექტორში, მიზნად ისახავს ეკონომიკის ზრდას ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესების გზით.