geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა

2019-03-07

ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ერთობლივი ინიციატივით, სასტუმრო „რუმსში“,  საქართველოს განათლების სექტორის განვითარებაში არასამთავრობო ორგანიზაციების როლის გაძლიერებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრა გახსნეს  ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა, რომლებმაც საზოგადოებას განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო გაგვეცნო, რა გამოწვევები აქვს არასამთავრობო სექტორს და გვესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რასაც სთავაზობს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა არის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პრიორიტეტი,“- განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

აღნიშნულმა შეხვედრამ, არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობა მისცა, მიეღოთ ინფორმაცია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ განათლების სექტორის მხარდასაჭერად გაწეული საქმიანობის შესახებ. როგორც „კოალიცია განათლება ყველასათვის“ დირექტორი გიორგი ჭანტურია აღნიშნავს, დღევანდელი შეხვედრით ფონდმა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შესაძლებლობების კარი გახსნა.

„ვთვლით, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორისათვის, როგორც ერთ-ერთი მორიგი შესაძლებლობა თავის საქმიანობა წარმოაჩინონ და იზრუნონ როგორც ორგანიზაციულ, ასევე სისტემურ განვითარებაზე,“- განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

სამუშაო შეხვედრისას მონაწილეებმა გამართეს პანელური დისკუსია განათლების სისტემის განვითარებაში არასამთავრობო სექტორის როლზე, არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებისთვის აუცილებელ რესურსებზე, საჭიროებებსა და ორგანიზაციული გაძლიერებისთვის საჭირო შესაძლებლობების შესახებ. აგრეთვე, დისკუსიის თემები დაეთმო არასამთავრობო სექტორში არსებულ ახალ ტენდენციებს, მიღწევებსა და გამოწვევებს.

შეხვედრის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ: მეგი კავთუაშვილი, მშობლები განათლებისთვის აღმასრულებელი დირექტორი; მარინა უშვერიძე, პროექტი ჰარმონიის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი; გია მურღულია, სკოლის ადმინისტრატორების ასოციაციის პრეზიდენტი; ნინო ცინცაძე, ბავშვთა ადრეულ ასაკში ინტერვენციის კოალიციის წევრი, ორგანიზაცია პორტიჯის ხელმძღვანელი; გიორგი ჭანტურია, კოალიცია განათლება ყველასთვის დირექტორი; ნინო ჩინჩალაძე, საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორი; გიორგი მაჩაბელი, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი; თამარ მოსიაშვილი, განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია.

ღონისძიებას  40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.