geo eng
თბილისის საკრებულოს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და მოეწყო შეხვედრა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან

2019-04-24

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, გრძელდება შეხვედრები საქართველოში მომუშავე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. დღეს, დედაქალაქის საკრებულომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსთან (MCA-Georgia) თანამშრომლობით, 30-მდე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციას უმასპინძლა.

შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც თბილისის განათლების და კულტურის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ერთობლივ სამომავლო პროექტებზე იმსჯელეს, ასევე, წარმოდგენილი იყო გასულ წელს დედაქალაქის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც საფუძვლად დაედება თბილისის კულტურის სტრატეგიის პოლიტიკის დოკუმენტს.

შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს - თბილისის საკრებულოს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) შორის.  მემორანდუმის მიზანია სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი − საქართველოს საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი − საქართველოს (MCA-Georgia) მიერ დაფინანსებულ პროფესიული განათლების პროგრამების მონაწილე სტუდენტების მიერ საკრებულოში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლა, ასევე საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების ხელშეწყობის პოპულარიზაცია და კადრების მომზადების მიზნით თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას.

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მემორანდუმი მიზნად  სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი−საქართველოს საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი−საქართველოს მიერ დაფინანსებულ პროფესიული განათლების პროგრამების მონაწილე სტუდენტების მიერ საკრებულოში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლას ისახავს. მისივე თქმით, კადრების მომზადების მიზნით, თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება იგეგმება.

მემორანდუმის მნიშვნელობაზე საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმაც ისაუბრა.

„მემორანდუმი საგანმანათლებლო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და კვალიფიკაციისთვის სათანადო გარემოს შექმნა“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე  “აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მდგრადობისთვის, მნიშვნელოვანია სტუდენტების დასაქმებისა და მათი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა. ჩვენ, თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით, შევთავაზებთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჩვენ მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს მიიღონ მონაწილეობა საკრებულოს მიერ ინიცირებულ პროექტებში, გაიარონ სტაჟირება, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება ქალაქის ურბანული განვითარებისთვის აუცილებელი თანამედროვე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. “

შეხვედრაზე თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

თბილისის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მაკა ნასრაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია 2018 წელს თბილისის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები კულტურის სფეროს საჭიროებებზე.

შეხვედრისას საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოში მიმდინარე პროექტების შესახებ წარმოადგინეს ინფორმაცია და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც საკრებულოს დეპუტატებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ მუნიციპალური კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები.