geo eng
ქუთაისში ახლადრეაბილიტირებული მე-10 და 32-ე საჯარო სკოლები გაიხსნა

2019-06-08

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ქუთაისში მე-10 და 32-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა, რის შედეგადაც, 1,450-მდე მოსწავლეს გაუუმჯობესდა სასწავლო გარემო.

ფონდი საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო პროექტს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტით/გრანტით ახორციელებს. კორპორაციის  ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი უელჩერმა პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც მოსწავლეებს უკეთესი განათლების მიღების საშუალებას აძლევს.

,,ხუთი წლის წინ, აშშ-ის მთავრობამ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით, საქართველოს მთავრობასთან ერთად შეადგინა პროგრამა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ხორციელდება საგანმანათლებლო პროექტები. ამ მიმართულებით აუცილებლად გაგრძელდება მუშაობა. ეს პარტნიორობა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ  მოსწავლეებმა უკეთესი განათლება მიიღონ საქართველოში,“ - აღნიშნა მან.

საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში აღნიშნული სკოლების სასწავლო ინფრასტრუქტურა სრულად რეაბილიტირდა და აღიჭურვა თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით. ღონისძიებას აშშ-ის მხრიდან ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდიც დაესწრო. როგორც მან აღნიშნა, რომ,,ეს მოსწავლეები არიან იმ 37 000 მოსწავლეს შორის, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოავლინონ  საკუთარი პოტენციალი ამერიკის მთავრობისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დახმარებით“.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგენიძე,  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„დღეს ქუთაისში გავხსენით ორი საჯარო სკოლა, რომელთა რეაბილიტაცია განახორციელა ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით. ჯამში, ფონდი 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ სკოლებიდან 17 იმერეთში, ხოლო - 8 ქუთაისში მდებარეობს“ - განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

ჯამში, 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის შედეგად, სასწავლო გარემო 40 ათასამდე მოსწავლეს გაუუმჯობესდება. პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონი აშშ დოლარია.