geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა კომპანია „სინერჯი კაპიტალმა“ და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

2019-06-25

25 ივნისს ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, კომპანია „სინერჯი კაპიტალსა“ და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია საქართველოში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკური განათლების ხელშეწყობის გზით კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა.

ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, კომპანია „სინერჯი კაპიტალის“ თანადირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი ჰალილ გუვენი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება კომპაქტით დაფინანსებული უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტთა სწავლება, გადამზადება და სტაჟირების პროგრამის განხორციელება, რათა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ხელი შეეწყოს მაღალკვალიფიციური კადრების გადამზადებას. აღსანიშნავია, რომ სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას მისცემს მოკლევადიანი სტაჟირების გავლის შემდეგ დასაქმდნენ თავიანთი პროფილით.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ,,სინერჯი კაპიტალი’’ წარმოადგენს მზარდ კომპანიას შრომის ბაზარზე. ,,კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ, ქმნიან ახალი სამუშაო ადგილების თითქმის 80 პროცენტს, ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ წარმატებულ კომპანიებს მოვძებნით,  დასაქმების კარგ შესაძლებლობას მივცემთ ახალგაზრდებს" - განაცხადა  დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამასთან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში დასაქმების საშუალება 2,000 სტუდენტს მიეცემა. ეს ეხება როგორც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, ისე ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში შექმნილი 51 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

„ადამიანური კაპიტალი და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლების მქონე სპეციალისტები მნიშვნელოვანია დღეს კერძო სექტორისთვის და საქართველოს ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ბენეფიციარებისა და კურსდამთავრებულების რიცხვი 2,000-ს აღემატება. ეს არის სპეციალისტების და კადრების დიდი გუნდი, რომლებმაც შეიძლება სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ „სინერჯი კაპიტალში“ გაერთიანებულ კომპანიებში“. განაცხადა მაგდა მაღრაძემ.