geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

2013-03-14

2014 წლის 30 აპრილს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ფონდის მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა. საბჭო შედგება ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, მასმედიის, განათლების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, მკვლევრებისგან, გარემოს დაცვისა და გენდერის სპეციალისტებისგან. მრჩეველთა საბჭოს ფუნქციაში შედის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევა. აღნიშნული საბჭო ორი წლის განმავლობაში იმუშავებს.

საბჭოს პირველ სხდომაზე, წევრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კომპაქტით გათვალისწინებული სამუშაოებისა და აქტივობების შესახებ, აგრეთვე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს ოფისის დირექტორმა ჯიმ მაკნიკოლასმა საბჭოს წევრებს მათი ფუნქციები და მოვალეობები გააცნეს.

„ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგანაც შეიქმნა ფონდის მრჩეველთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისაგან და მათი მხრიდან მიღებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ფონდის უფრო ეფექტიან მუშაობას, აგრეთვე პროცესების კიდევ უფრო გამჭვირვალედ წარმართვას. საბჭოს შექმნის ერთ-ერთი მიზანია, ყველა დაინტერსებულ მხარეს მიეწოდოს ინფორმაცია მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ, ხოლო ჩვენ კი მივიღოთ რჩევები გამოცდილი ექსპერტებისგან“ აღნიშნა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა.

2013 წლის 26 ივლისს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა კომპაქტის ხელშეკრულებას, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისათვის პროექტების განხორციელების გზით.