geo eng
თბილისში სან დიეგოს დღე აღინიშნა

2019-09-12

2019 წლის 12 სექტემბერს, თბილისში ქალაქი სან დიეგოს დღე აღინიშნა, რომელიც გაიმართა საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ კორპუსში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი. სტუმრებმა, მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს მიღებულ სტუდენტებს და გაეცნენ ახალაშენებულ სასწავლო ინფრასტრუქტურას.

 „12 სექტემბერს თბილისი, ყოველ წელს, აღნიშნავს ქალაქი სან დიეგოს დღეს, რაც განპირობებულია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობით, რომელიც 2014 წელს დაიწყო. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, რომელიც როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს, შესაბამისად ყოველ წელს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი დღე. საპასუხოდ, ქალაქი სან დიეგო თბილისის დღეს ყოველი წლის 25 აპრილს აღნიშნავს“, - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ღონისძიებაზე აღნიშნა: „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რომ  განათლება აქცია თანამშრომლობის ხიდად ჩვენს ქალაქებს - სან დიეგოსა  და თბილისს შორის. მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ თბილისის საკრებულოს მზადყოფნა, გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, ითანამშრომლოს  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახალი აკადემიური წლის განმავლობაშიც.“