geo eng
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ქუთაისის N17 საჯარო სკოლა დაათვალიერა

2019-12-06

2019 წლის 5 დეკემბერს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი ქუთაისის N17 საჯარო სკოლას ეწვია, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ამერიკის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) დაფინანსებით ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ ჩაუტარდა. ღონისძიებას ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“დღეს ვეწვიეთ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლას, რომელსაც რეაბულიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ჩაუტარა. ჯამში იმერეთის რეგიონში 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მოხდა, საიდანაც რვა საჯარო სკოლა ქუთაისში მდებარეობს. რეაბილიტაცია სკოლების ყველა კომპონენტის სრულ შეცვლას და ასევე საბუნებისმეტყველო თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვას გულისხმობს”, – აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა. შედეგად, სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 1,430 მოსწავლისთვის და რეაბილიტირდა 5,600 კვ/მ ფართობი. ფონდის მიერ იმერეთში სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდა 10 მილიონი აშშ დოლარი.

„ქუთაისის N17 საჯარო სკოლა საინტერესოა თავისი ისტორიითა და კულტურით. სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ როგორ რეაბილიტირდა სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფარგლებში. ეს არის ერთი-ერთი იმ 91 სკოლიდან, რომელიც ამერიკის მთავრობის მიერ განახლდა. ჯამში 40 000 ათასი მოსწავლე სწავლობს ისეთ სკოლებში, სადაც არის თანამედროვე გარემო და აღჭურვილია ლაბორატორიებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ მსოფლიო დონის განათლება. ეს კი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბებაში“,- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, 2014-2019 წლებში, სრული რეაბილიტაცია 91 საჯარო სკოლას ჩაუტარა საქართველოს რეგიონებში, რომლის შედეგადაც სასწავლო გარემო 40,000-მდე მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. თითოეული სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნების თანამედროვე ლაბორატორიით. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.