geo eng
აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყოფილი 30 მილიონი აშშ დოლარი ამერიკული საბაკალავრო პროგრამების გასახორციელებლად

2015-04-01

31 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საქართველოს დეკანმა კენ უოლშმა  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ უმაღლესი განათლების პროექტის შესახებ. საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნე სკოლის მოსწავლეები, აბიტურიენტები, საინჟინრო და ტექნოლოგიური სფეროების სტუდენტები და პროფესორები.

პროექტი „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ 2014 წელს დაიწყო.  პროექტს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების გახორციელებას. კომპაქტის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო, საბუნებისმეტყველო სფეროებში.

პროექტის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2015-16 სასწავლო წლიდან სტუდენტებს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს შემდეგ სპეციალობებში ქიმია და ბიოქიმია, ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია.  ხოლო, მომავალი სასწავლო წლიდან დაამატებს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებს შემდეგ სპეციალობებში კომპიუტერული მეცნიერება, სამრეწველო მშენებლობა და სამოქალაქო მშენებლობა.  პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ განათლებას და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს.  პროექტს აფინანსებს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და მისი მთლიანი ბიუჯეტია 30 მილიონი აშშ დოლარი.