geo eng
ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია - მესტია, ლატალი

2015-06-05

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პროგრამის კოორდინატორი, ანა ბერძენაძე და მესამე ადგილზე გასული გუნდის, INSEC (პროექტი „მეტალ - კარბონის ორმაგფენა კომპოზიტების სინთეზირება) წევრები: თემურ ჩიჩუა, ნიკოლოზ მინაშვილი, მარიამ კევლიშვილი და ალექსანდრე თოიძე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ფარგლებში 4 და 5 ივნისს სვანეთს ეწვივნენ.

როგორც იცით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ცნობიერების ასამაღებელი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს 12 - 18 წლის მოსწავლეების ინტერესის და მოტივაციის ამაღლებას მეცნიერებებში, ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში, რათა მათ მომავალში სწავლა და კარიერა ამ მიმართულებით გააგრძელონ. მოსწავლეებს მათი თანატოლი ახალგაზრდა გამომგონებლები პირადად უზიარებენ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მიღებულ გამოცდილებას და აცნობენ თავიანთ ინოვაციურ პროექტებს.

ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ჩასატარებლად სპეციალურად შეირჩა ის რეგიონები და სკოლები, რომელთაც 2014 -2015 წლის კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ. ერთ-ერთი ასეთი რეგიონი იყო ზემო სვანეთი, სადაც 4 ივნისს პრეზენტაციები მესტიის პირველ და მეორე საჯარო სკოლაში, ხოლო 5 ივნისს, სოფელ ლატალის საჯარო სკოლაში ჩატარდა. პრეზენტაციებს სკოლების მეშვიდე - მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები დაესწრნენ. მოსწავლეები განსაკუთრებით მოიხიბლნენ ნასას კოსმოსურ ცენტრში წასვლის შესაძლებლობით და მომავალი წლის კონკურსში ჩართვის დიდი სურვილი გამოთქვეს. გუნდ INSEC-ის წევრებმა თავიანთ თანატოლებს პირადად გაააცნეს მათი პროექტის განხორციელების სამუშაო ეტაპები და მომავალი წლის კონკურსისთვის თანამშრომლობა შესთავაზეს. თემურ ჩიჩუამ და მისმა გუნდმა სკოლა წელს დაამთავრეს და მომდევნო სასწავლო წელს გეგმავენ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მენტორის სტატუსით ჩაერთონ.

შეხვედრები მესტიისა და ლატალის სკოლებში ბროშურების დარიგებით, საკონტაქტო მონაცემების გაცვლით და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია მცხეთა - მთიანეთსა და დასავლეთ საქართველოში გრძელდება.