geo eng
გზა საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ზუსტი მეცნიერებებისკენ

2015-06-24

ათასწლეულის ინოვაციების კონკურსი უკვე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახალგაზრდული გამოწვევაა 12-18 წლის მოსწავლეებისთვის,  ზუსტი და საბუნებისმეტყველო დარგის მეცნიერებებში, საქართველოში. 2015 წლის პირველმა კონკურსმა თავი მოუყარა სამასამდე სკოლის მოსწავლესა და ხელმძღვანელს, რათა ემუშავათ ახალ გამოგონებებზე და მათი კომერციალიზაციის შესაძლებლობებზე. ინოვაციების კონკურსი ორგანიზებული იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ამოცანა მდგომარეობს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და სუზტი და საბუნებისმეტყველო დარგების სპეციალისტების აღზრდაში. ათასწლეულის ინოვაციების კონკურსს კი თავისი წვლილი შეაქვს ინოვაციების კულტურის დანერგვაში, გონიერი და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და უნიკალური იდეების განხორციელებაში.   

„კონკურსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს გამარჯვებული პროექტების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან, კერძო სექტორსა და საწარმოებთან, რაც თავის მხრივ საფუძველს ჩაუყრის ახალი იდეების რეალიზებასა და კომერციალიზაციას“ - თქვა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართელოს აღმასრულებელმა დირექტორმა, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე 15 თებერვალს, 2015.

ათსწლეულის ინოვაციების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საშუალო განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. განსაკუთრებით სასურველი იყო გოგოებისა და სოციალურად დაუცველი მოზარდების ჩართულობა, რათა ერთობლივად ეფიქრათ, როგორ შეიძლება მომავალში უკეთ ცხოვრება. მოსწავლეების ძალისხმევა  ოთხ ძირითად კატეგორიაში გაერთიანდა: კოსმოსი და ავიაცია; კიბერ-ტექნოლოგიები და უსაფრთხოება; ენერგეტიკა და გარემოს დაცვა; და ჯანდაცვა და კვება.

კონკურსის პირველ ეტაპზე საქართველოს ცხრა რეგიონის 77 სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარმა 85 გუნდმა წარმოადგინა 88 საკონკურსო განაცხადი. გოგოებისა და ბიჭების რაოდენობა მთლიანობაში თანაბრად იყო წარმოდგენილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გოგოებსაც არანაკლებად აინტერესებთ ტექნოლოგიური მიღწევები. საპროექტო იდეების უდიდესი კონცენტრაცია შეიმჩნეოდა ჯანდაცვის სფეროში (60%), შემდეგ ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში (18%), რასაც მოსდევდა კიბერ-ტექნოლოგიები და უსაფრთხოება (13%) და კოსმოსი და ავიაცია (9%).  

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობდა. ფინალში გასული ათი გუნდის პროექტებს აფასებდა ცნობილი მეცნიერებისგან შემდგარი ჟიური. საინტერესო პროექტი იყო შემოთავაზებული ორი გოგონას მიერ, აღმოსავლეთ საქართველოდან, რომლებმაც ტყავის დამუშავებით მიიღეს  საკვები კონცენტრატი. წარმოდგენილი იყო გამოგონებული მაჯის საათი უსინათლოებისთის. ყველაზე ახალგაზრდა კონკურსანტებმა, რომელთა ასაკი იყო 13-14 წელი, შეიმუშავეს მარტივი ტრანზისტორებისგან შემდგარი მიკრო პროცესორი. მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს პროექტებმა მეტალ-კარბონის ორმაგფენა კომპოზიტების სინთეზირებასა და ბიოდეგრადირებადი პოლიმერების საფუძველზე სამედიცინო დანიშნულების ნანონაწილაკების მიღებაზე.

გამარჯვებული პროექტი - მულტიკლიმატიზატორი - შეიმუშავა ორმა თექვსმეტი წლის  მოზარდმა ახალციხიდან, კარლო  ხუციშვილმა და ირაკლი კაპანაძემ. მათი გამოგონება დაეხმარება ფერმერებს ხვნა-თესვის დაწყებამდე განსაზღრონ ატმოსფერული ტემპერატურა, ნიადაგის ტენიანობა და მარილიანობა.

გამარჯვებული გუნდი გაზაფხულზე ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების კენედის სახელობის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც უმასპინძლა კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ინოვაციური გამოგონებების სამიტს.