geo eng
12 მილიონი აშშ დოლარის გრანტი პროფესიული განათლების განვითარებისთვის

2015-07-22

პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა 

22 ივლისს, სასტუმრო თბილისი მარიოტში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა. 

პრეზენტაცია გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა  მაღრაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ  სანიკიძემ და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტის მოადგილემ, ფატიმა  სუმარმა.

პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

კონკურსის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული წინადადებების დაფინანსება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში.

საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტია 12 მილიონი აშშ დოლარი. თითოეული გრანტის მოცულობა შესაძლოა იყოს  300,000 აშშ დოლარიდან 3 მილიონ აშშ დოლარამდე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ სხვა იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ან აპირებენ საქმიანობის დაწყებას პროფესიული სწავლებისა და განათლების სფეროში. 

პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომლის წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს გერმანული საკონსულტაციო კომპანია, PEM Consult.

საგრანტო კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.