geo eng
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი წლის სტუდენტებს შეხვდა

2015-09-17

2015 წლის 17 სექტემბერს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნვიერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საქართველოში აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი წლის სტუდენტებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე საქართველოში, კორტნი ოსტრიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ. პრემიერ-მინისტრმა საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნვიერსიტეტის პირველი წლის სტუდენტებს მიმართა - „მე დიდი იმედით გიყურებთ თქვენ, თქვენ ხართ ნიჭიერი ახალგაზრდები და მე ეს ძალიან დიდ იმედს მაძლევს". მან ასევე აღნიშნა, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც საქართველო-ამერიკას შორის პარტნიორობის ისტორიაში ხორციელდება, რისთვისაც აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა. „ყველაზე დიდი დახმარება, რომელიც შეიძლება მეგობარ ქვეყანას გაეწია, არის ინვესტირება განათლებაში ანუ ჩვენი ქვეყნის მომავალში, იმ ფუნდამენტში, რომელსაც უნდა დაეფუძნოს თანამედროვე ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პროექტი „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო“ დაიწო 2014 წლის ივლისში, როდესაც ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი დოლარის კომპაქტის ფარგლებში. პროექტის მიზანია, საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კადრებისა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო და ტექნოლოგიური სფეროს მიმართულებით. უმაღლესი განათლების პროექტის განხორციელებისთვის, კომპაქტის ფარგლებში, მოხდება 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება გრანტის სახით.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამები საქართველოს სამ წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება, ესენია: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს შემდეგ სპეციალობებს სთავაზობს: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ქიმია/ბიოქიმიაში; ბაკალავრის აკადემიური ხარისხი კომპიუტერული ინჟინერიის დარგში; ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ელექტრული ინჟინერიის დარგში.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფო კვლევით უნივერსიტეტს. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის უპირატესობას წარმოადგენს მისი ძლიერი სამეცნიერო ბაზა და აკადემიური პერსონალი. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მზად არიან, პროფესიული კარიერის დაწყებისათვის ან სწავლის შემდგომ საფეხურზე წარმატებით გაგრძელებისათვის.

ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო.