geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პრეზენტაცია

2015-10-02

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის 2015-16 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოაცხადა. პრეზენტაცია გახსნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ. სტუმრებს სიტყვით მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ და OpenNet-ის დირექტორმა, ანა ნაკაშიძემ.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს სამი საუკეთესო გუნდი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო  სფეროებში. კონკურსის შედეგად შერჩეული, პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტში რომელიც გაიმართება 2016 წლის აპრილში, ფლორიდის შტატში. 

კონკურსში მიღების მსურველებმა პირველ ეტაპზე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 25 ოქტომბერი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხადრაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და აშშ-ის კონრადის ფონდთან თანამშრომლობით (The Conrad Foundation).

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ამოცანაა ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების წახალისება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რათა საფუძველი ჩაეყაროს  სამომავლო თანამშრომლობას და გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2-5 მოსწავლისაგან შემდგარ გუნდს შეუძლია, წარმოადგინოს პროექტი შემდეგი საკონკურსო კატეგორიიდან ერთ-ერთში:  კოსმოსი და ავიაცია; ჯანდაცვა და კვება; კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება; გარემოს დაცვა,  ენერგეტიკა და ეკოსისტემები.  აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 25 ოქტომბერი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი პირველად 2014-2015 წელს განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 85-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. 2015 წელს, კონკურსში გაიმარჯვა ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „მზექა“-ს მოსწავლეებმა, ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა, პროექტით „მულტიკლიმატიზატორი“. გუნდმა, 2015 წლის 9-11 აპრილს, მონაწილეობა მიიღო აშშ-ში, კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას (NASA) კენედის ცენტრში, ფლორიდაში.