geo eng
პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე 70 კონცეფციის განაცხადი შემოვიდა

2015-10-05

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე 70 კონცეფციის განაცხადი შემოვიდა, ჯამში 69 მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნილი საგრანტო თანხით. შემოსული პროექტების სრული ბიუჯეტი, ბიზნესის მხრიდან თანადაფინანსების ჩათვლით, 90 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ძირითადად, განაცხადები წარმოადგინეს საგანმანათლებლო სექტორის (53%), კერძო სექტორისა (23%) და არასამთავრობო ორგანიზაციების / ასოციაციების წარმომადგენლებმა (26%). განაცხადები შემოვიდა საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და პროფესიული განათლების სკოლებიდან აშშ-დან, გერმანიიდან და შვეიცარიიდან. განაცხადების უმეტესობა თბილისში არსებული პროფესიული განათლების პროვაიდერებმა წარმოადგინეს. განაცხადები ასევე შემოიტანეს უნივერსიტეტებმა და პროფესიული განათლების სკოლებმა რეგიონებიდან: აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი, რაჭა, სამცხე-ჯავახეთი, სვანეთი, გურია და ქვემო-ქართლი. 

განაცხადების უმეტესობა, 26% და 23% წარმოდგენილია სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორში, მას მოსდევს საინჟინრო (20%), საინფორმაციო ტექნოლოგიები (13%), ტექნოლოგიური (11%) და საბუნებისმეტყველო (7%) სექტორი. განმცხადებლების 56% ჰყავს საერთაშორისო პარტნიორი.  

დამოუკიდებელი შეფასების კომისიისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ამჟამად მიმდინარეობს შემოსული კონცეფციის განაცხადის ფორმების განიხილვა და შეფასება. ყველა განმცხადებელს წერილობით ეცნობება პირველადი განხილვის შედეგები, ოქტომბრის შუა რიცხვებში.  მეორე ეტაპზე გადასულ განმცხადებლებს ეცნობებათ სრული აპლიკაციების წარმოდგენის ზუსტი ვადა. 

პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდა 2015 წლის 22 ივლისს და მისი მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასთან ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული წინადადებების დაფინანსება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში. საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტია 12 მილიონი აშშ დოლარი. თითოეული გრანტის მოცულობა შესაძლოა იყოს  300,000 აშშ დოლარიდან 3 მილიონ აშშ დოლარამდე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ სხვა იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ან აპირებენ საქმიანობის დაწყებას პროფესიული სწავლებისა და განათლების სფეროში.