geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

2015-11-06

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2015 წლის 25 სექტემბერს მეორედ გამოცხადდა. კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან და აშშ-ის კონრადის ფონდთან თანამშრომლობით.

2015 – 16 წლის კონკურსის პირველ ეტაპზე შემოვიდა სამოცდაორი გუნდის სამოცდახუთი აპლიკაცია, საქართველოს ორმოცდარვა სკოლიდან. პროექტში ჩაერთო საქართველოს ცხრა რეგიონი. აღსანიშნავია, აპლიკაციების ნახევარზე მეტი (57%) შემოვიდა რეგიონებიდან. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი, 17 აპლიკაცია შემოვიდა იმერეთიდან. საინტერესოა, კონკურსში მონაწილე ორი გუნდი არის დაკომპლექტებული სხვადასხვა რეგიონების მოსწავლეებით:  1. თბილისი და სამცხე-ჯავახეთი და  2. თბილისი და ლანჩხუთი.  აპლიკაციების უმეტესი ნაწილი, 77% გამოგზავნილია საჯარო სკოლებიდან, ხოლო 23% კერძო სკოლებიდან. რაც ეხება სკოლების პროფილს, მონაწილე სკოლების 70% არის ზოგადი, ხოლო 30% სპეციალიზებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლა.

ხაზგასასმელია, გენდერული ბალანსი პროექტში, გოგონების მზარდი ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციების და გამოგონებების მიმართ. კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა 46%-ს გოგონები შეადგენენ. გუნდების ინსტრუქტორების უმეტესი ნაწილი (55%), ასევე, მდედრობითი სქესის წარმომადგენელია.

ყველაზე პოპულარული კატეგორია არის გარემოს დაცვა, ენერგია და ეკოსისტემები (34%), შემდეგი კატეგორია არის კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება - 29%. აპლიკაციების 26% შემოვიდა კატეგორიაში ჯანდაცვა და კვება, ხოლო 11% - კოსმოსი და ავიაცია.

გუნდების უმეტესი ნაწილი, 33% შედგება სამი წევრისგან. ოთხ და ხუთწევრიანი გუნდები თითქმის თანაბრადაა წარმოდგენილი (25% და 23%), ორწევრიანია გუნდების 12%. პროექტში მონაწილე 210 მოსწავლიდან 29% არის მეცხრე კლასელი. მეათე და მეთერთმეტე კლასელები შეადგენენ 26–26%-ს; მეთორმეთე კლასელები შეადგენენ 9%-ს, მეშვიდე კლასელები - 8%-ს, ხოლო მეექვსე და მეშვიდე კლასელები - 1%-ს.

ამჟამად მიმდინარეობს აპლიკაციების შეფასების პროცესი. კონკურსის მეორე საფეხურზე გასული გუნდები, რომელთანაც ჩატარდება ინტერვიუები, გამოვლინდებიან 2015 წლის 16 ნოემბერს.

ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც დაეხმარება მათ სამომავლოდ პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.