geo eng
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომა - ერთობლივი განცხადება

2015-11-06

2 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მეხუთე პლენარული სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ორმხრივი დიალოგის ძირითადი ფორმატია, რომლის მიზანსაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთობლივი მიზნის ხელშეწყობა წარმოადგენს. ქარტიის კომისიამ ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.

მხარეებმა აღნიშნეს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მეორე კომპაქტის ისტორიული მნიშვნელობა და მისი წვლილი საქართველოს სამუშაო ძალის განვითარების საქმეში მეცნიერებისტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებით, განათლების ხარისხის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების სექტორში სტრატეგიული ინვესტიციების გზით.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიამ აღნიშნა  აშშ-ის მიერ დაფინანსებული სტუდენტური გაცვლითი პროგრამებისა და აშშ-სა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. 

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სხდომის დასასრულს ხაზი გაესვა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ძლიერი და აქტიური პარტნიორობის მნიშვნელობას.

ერთობლივი განცხადების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვბეგვერდზე: http://bit.ly/1GWCWLt