geo eng
ქართველი მოსწავლეები ბიოლოგების შრომის გასამარტივებლად - გზა ,,ბარნის სმარტ-ლაბირინთიდან” NASA-მდე

2019-04-03

21-ე საუკუნის ბავშვებს ხშირად ინდიგო ან ათასწლეულის მოზარდების საუკუნეს უწოდებენ. ეს არცაა გასაკვირი, როდესაც ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” მიერ ორგანიზებული  ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის  მონაწილეებსა და მათ პროექტებს გადავავლებთ თვალს.

სოფიო ჩიხლაძე (გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია, X კლასი), მარიამ გამრეკელაშვილი, გიორგი რიგიშვილი, ალექსანდრე ქაჯაია (სკოლა აია-ჯესს, XI კლასი) და იონა იობიძე (ქუთაისის სკოლა ,,პროგრესი”, IX კლასი)  - გუნდ ,,ობერტონის” წევრები არიან - გუნდის, რომელმაც NASA-ს ჰიუსტონის კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში  გამგზავრების უფლება დამსახურებულად მოიპოვა. მოსწავლეების გამოგონება  დიდ დახმარებას გაუწევს ბიოლოგებს და ლაბორანტებს, რომელთაც ექსპერიმენტების მრავალჯერ გამეორება და რუტინულ სამუშაოზე დროის ხარჯვა უწევთ.

მაინც, რას წარმოადგენს გუნდ ობერტონის გამოგონება? ეს  არის ბარნის ლაბირინთის ავტომატიზირებული ვერსია. აღნიშნულ ლაბირინთზე ჩატარებული ტესტის საშუალებით ფასდება საცდელი ცხოველების მეხსიერება და მათზე წამლებისა და ქიმიური საშუალებების მათზე ზემოქმედება. ტესტის მიზანია, წამლის მიღებამდე და წამლის მიღების შემდეგ, მიღებული შედეგების შედარება. რუტინისა და დანახარჯის თავიდან აცილების შესანიშნავ ხერხს მიაგნეს მოსწავლეებმა. ბარნის სმარტ-ლაბირინთი ავტომატურად განათავსებს თაგვს მაგიდის ცენტრში, იწერს მის მოქმედებას და ტრაექტორიას, ინიშნავს მაგიდის თითოეულ უჯრასთან თაგვის დაყოვნების დროს და ტესტის სრულ დროსა და ანალიზს მზა სახით აწვდის ბიოლოგს.

 ,,ჩვენი გამოგონება სრულიად ახალი და ინოვაციური ნაბიჯია მედიცინასა და ბიოლოგიაში, რადგან იგი საშუალებას გვაძლევს, შევამოწმოთ ახალი მედიკამენტის გავლენა მეხსიერებაზე, რაც მთავარია, სრული სიზუსტით,” - აღნიშნავს გუნდის ერთ-ერთი წევრი, მარიამ გამრეკელაშვილი.

რაც შეეხება პროექტის შექმნის იდეას - როგორც ახალგაზრდა გამომგონებლები ამბობენ, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც თავად ნახეს, თუ როგორ ატარებდნენ ბიოლოგები ბარნის ლაბირინთზე ცდებს და გააანალიზეს, თუ რამხელა შრომის გაწევა იყო საჭირო შედეგების მისაღებად.  სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს, ავტომატიზირებული გაეხადათ ლაბირინთი. იმის გამო, რომ  დაავადებები საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და მათ აღმოსაფხვრელად შეზღუდული აქვთ დრო მეცნიერებს, ეს პროექტი, ამ მხრივაც, უნიკალურია -  კვლევაც მარტივდება და ზუსტ შედეგსაც უფრო მალე ვიღებთ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა. კონკურსის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში. ეს, ფონდის მხრიდან, ფინალისტებისთვის ფინანსურ მხარდაჭერასა და პროექტების განვითარების შესაძლებლობის მიცემაში გამოიხატება.

როგორც ,,ობერტონის” ერთ-ერთი წევრი - სოფიო ჩიხლაძე ამბობს, მათი გეგმები ახლა კიდევ უფრო დიდია და,  სამომავლოდ, დაინტერესების შემთხვევაში, კონკრეტულ ლაბორატორიებში ფიქრობენ მოწყობილობის დანერგვას. გარდა ამისა, მათთვის განსაკუთრებული მოტივაციაა ის, რომ ნასას ჰიუსტონის ცენტრში ერთკვირიან პროგრამას დაესწრებიან და ისეთ ადგილებსაც დაათვალიერებენ, სადაც ჩვეულებრივ დამთვალიერებლებს არ უშვებენ.

გამარჯვება არ იყო მარტივი. გამარჯვებულთა გამოვლენამდე, ექსპერტთა კომისიამ ჯერ 92 გუნდისგან 30 ნახევარფინალისტი შეარჩია, შემდეგ, 13 ფინალისტი გამოვილინდა და ბოლოს, სამი გამარჯვებული დასახელდა.

ახლა, წინ NASA და მთავარი გამოწვევაა - აღებული ტემპის  და წარმატების შენარჩუნება.

####

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ორგანიზებით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია წარმატებით ტარდება. წელს კონკურსში მონაწილეობა 400-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, მეორე ეტაპზე კი 13 გუნდი გადავიდა. წელს კონკურსის პარტნიორია „თიბისი ბანკი“, ტექნოლოგიური მხარდამჭერი კი - "სილქნეტი".