geo eng
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტით საჯარო სკოლების რეაბილიტაცია განხორციელდება

2014-08-01

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (Millennium Challenge Corporation - MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტის ხელშეკრულებას, რომლის მიზანია საქართველოში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. მეორე კომპაქტის მთლიანი ბიუჯეტია 140 მილიონი აშშ დოლარი.

კომპაქტის დაფინანსებით 2015 წლიდან საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლების სარეაბილიტაცო სამუშაოები განხორციელდება. მიმდინარეობს სკოლების საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ წინასწარ შემუშავებული და საქართველოს მხარესთან შეთანხმებული შესარჩევი კრიტერიუმების მიხედვით კომპაქტით დაგეგმილი სარეაბილიტაციო სკოლების მთლიანი სიის დაზუსტება.

სარეაბილიტაციო სკოლების საბოლოო სიის დადგენისა და საპროექტო დოკუმენტაციის დასრულების შემდგომ გამოცხადდება სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოების ტენდერი.

პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-სთან თანამშრომლობით სსიპ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, ტელ.: 2281 185, ელ.ფოსტა:info@mcageorgia.ge. პროექტის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ ფონდის ვებგვერდზე: www.mcageorgia.ge ან ფეისბუკის მეშვეობით www.facebook.com/mcageorgia