geo eng
პროექტი "უნივერსალური შუქნიშანი"

2018-05-22

ქალაქში საცობები და მანქანის გამონაბოლქვი გაწუხებთ?

ამ პრობლემის მოგვარება მე–10 კლასელმა გოგოებმა გადაწყვიტეს.

ჯული მუხაძე, მარიამ ბარიაშვილი და ნინო ბულბულაშვილი სკოლამდე მისასვლელად დიდ დროს საცობებში ატარებენ, ამიტომაც გოგონებმა გადაწყვიტეს თავად ეზრუნათ მდგომარეობის გამოსწორებაზე და  პროექტი "უნივერსალური  შუქნიშანი" შექმნეს. 

შუქნიშანს განსაკუთრებული ფუნქციები აქვს: ნებისმიერ დროს შეუძლია ახალი რეჟიმის ათვისება, აქვს ხელის მართვის რეჟიმი და პატრულის თანამშრომელს შეუძლია, საჭიროებისამებრ შეცვალოს ფერი. რაც ყველაზე მთავარია, შუქნიშანი კითხვა–პასუხისთვისაც მზად არის და შეუძლია, მძღოლის შეტყობინების საპასუხოდ, მიაწოდოს ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაა ამა თუ იმ გზაზე: საცობია, გზა თავისუფალია თუ ავარიული სიტუაციაა. 

"პირველი კონკურსი იყო ჩვენთვის, გამარჯვების იმედი გვქონდა, თუმცა, სხვა გუნდების ნამუშევრებს რომ გავეცანით, მივხვდით,  ძლიერი კონკურენტები გვყავდა. ამან უფრო დიდი სტიმული მოგვცა. მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღეთ და  სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობას უკვე ვგეგმავთ." – ნინო ბულბულაშვილი.

გოგონები აგვისტოში, ამერიკის საელჩოს დაფინასნებით, გოგონათა საერთაშორისო ბანაკში (WiSci) მიიღებენ მონაწილეობას.