geo eng
პროექტი "მიწისძვრისას ვერტიკალური და ჰორიზონტალური რხევების უნივერსალური კომპენსატორი"

2018-06-27

"მიწისძვრისას ვერტიკალური და ჰორიზონტალური რხევების უნივერსალური კომპენსატორი" - ამ სახელწოდების პროექტი შექმნეს სკოლა „აია-ჯესის“ სკოლის მე-11 კლასელმა მოსწავლეებმა და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტებიც გახდნენ.

ბუნებრივი კატასტროფებისას, მათ შორის მიწისძვრისას, მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანისთვის, თანაკლასელებმა შეიმუშავეს ისეთი პლატფორმისგან შემდგარი მოდელი, რომელზეც დამონტაჟებულია შენობის ფუნდამენტის ერთი ბოძი. მექანიზმი სექციების სახითაა განლაგებული, სექციებში კი ჩამონტაჟებულია ზამბარები. მიწისძვრის სიმულაციისას, საყრდენების ზედაპირი შეხებაში რჩება ერთმანეთთან და ამით შესაძლებელი ხდება, თავიდან ავიცილოთ კონსტრუქციის ნგრევა.

მარიამ ქაფიაშვილის, მამუკა წივილაძისა და გიორგი გვარჯალაძის პროექტის განხორციელებით, შესაძლებელი ხდება, რომ ადამიანები და გარემო ბუნებრივი კატასტროფების დროს აღარ დაზარალდნენ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2014 წლიდან ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და ჯამში, 300-მდე გუნდს და 1000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს მასშტაბით. კონკურსი ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას ემსახურება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში. რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც მათ დაეხმარება სამომავლოდ პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.