geo eng
ქართველმა მოსწავლეებმა განახლებადი ენერგიის მიმართულებით ინოვაციური გამოგონება შექმნეს

2018-07-17

მზის ენერგიას კარგად გამოიმუშავებს პანელი, რომელსაც მზის სხივები 90-გრადუსიანი კუთხით ეცემა. არსებობს პანელის მოსაბრუნებელი მექანიზმები, ე.წ. ტრეკერები, რომელთა დახმარებით პანელი ზუსტად მიჰყვება მზეს, თუმცა ყველა მათგანი მოიხმარს ელექტრო ენერგიას. ხონის მუნიციპალიტეტის საგამომგონებლო კლუბში მოსწავლეებმა დასვეს ამოცანა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ელექტროენერგიის გამოყენების გარეშე პანელების მობრუნება. 

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ქუთაისის აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ კოტიშაძემ და მისმა 2-მა მოსწავლემ – ლადო გოდოლაძე და ნია ფხაკაძემ სცადეს. მათ შექმნეს მზის პანელის მოსატრიალებელი მექანიზმი, ე.წ. ტრეკერი, რომელიც არ მოიხმარს ენერგიას, მაგრამ პანელის შემოტრიალების ფუნქციას ასრულებს.

ეს არის მსოფლიოში ერთადერთი გამოგონება, როდესაც მზის პანელის მოსატრიალებელი მექანიზმი არ მოიხმარს ენერგიას, მაგრამ ფუნქციას ასრულებს.

პროექტზე მუშაობა დაახლოებით ერთი წელი მიმდინარეობდა. პროექტმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ „ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში“, სადაც 12 საუკეთესო პოექტს შორის მოხვდა. შედეგად პროექტმა მოიპოვა გრანტი თუმცა, როგორც გამომგონებლები აღნიშნავენ, ეს თანხა საკმარისი არ არის პროექტის სრულყოფილებისთვის, რადგან გამოგონებას დახვეწა სჭირდება.